ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის კობა გოგატიშვილის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოწმის თქმით, ფირცხალავს მეუღლე და შვილი მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა და ასევე ფულს სთავაზობდნენ საზღვარგარეთ “უზრუნველი ცხოვრებისთვის”:
„მე ვარ კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. ჩვენება მიცემული მაქვს გამოძიებისთვისაც და სასამართლოსთვისაც. ჩემზე ფირცხალავას ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან იყო ზეწოლა და მუქარა. მაიძულეს, რომ შევხვედროდი. შემომთავაზეს 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველი ცხოვრება, რათა შემეცვალა ჩვენება და მეთქვა, რომ კორტებზე მოგვიანებით მივედი. ასევე მეუბნებოდნენ, რომ სიმართლეს, რომ გავდესო თქვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლა. რეალურად არავისგან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა შეხვედრაზე იყვნენ მამაკაცები, რომლებისაც შემეშინდა და ამიტომ ვუთხარი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მომეყოლა ის, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში მომიბრუნდა ფირცხალავს შვილი და მითხრა, თუ არ შეცვლი ჩვენებას, გაგიხვრიტავენ შუბლსო“, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.
მისი თქმით, თანხა, რომელიც შეცვლილი ჩვენების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეცათ, ნინო ხვიტიას მანქანაში ედო.
მოწმე ასევე ამბობს, რომ მას ყველა ნომერი აქვს ამოწერილი, საიდანაც მუქარისშემცველი ზარები და მოკლეტექსტური შეტყობინებები მისდიოდა.
გოგატიშვილმა აღნიშნა, რომ მან განცხადება შეიტანა პოლიციაში და ამაზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ ,,კორტების სპეცოპერაციის’’ საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები.
გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ორი ჟურნალისტი, კვირის ბოლოს, სკანდალური საქმის „მოწმის აღსარებას“ აანონსებდა: „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ეს 2011 -2012 წლების გახმაურებულ საქმეს ეხებოდა, ხოლო შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსისა და ჟურნალისტ გურამ დონაძის ცნობით, რამდენიმე დღეში სერიოზული სკანდალი გასკდებოდა, რომელიც ციანიდის საქმესაც კი გადაფარავდა.