ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ უნდა ილოცოს, რომ პოროშენკომ სააკაშვილის დაჭერა ვერ მოახერხოს”

ანალიტიკოსის  გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველომ ახლა უნდა ილოცოს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შევიდეს და ის არ დააპატიმრონ. ხუხაშვილსი აზრით, საქართველოს პროკურატურას ცხელ გულზე მესამედ მისი ექსტრადირება არ უნდა მოეთხოვა.

მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას პოროშენკოსთვის უარი უნდა ეთქვა, რომ ეს მისი პრობლემაა და დაპირებით არ უნდა გაეშვათ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველო და უკრაინა ახლა ყველაზე ცუდ საკითხში თანამშრომლობენ, რითაც პოროშენკოს მინიმუმ ტვირთი შეუმსუბუქეს.

“თუ პოროშენკომ სააკაშვილის დაჭერა მოახერხა და საქართველოს გადმოსცა, მთელი სიმძიმის და პრობლემის ტვირთი ჩვენს ქვეყანას აწვება. პოროშენკომ “გაგვიჩალიჩა” და ამხელა ხალხი პატარა ბავშვებივით გააბრიყვა.   საქართველოს საპატიმრომდე  მოსახვედრად მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენმა ხელისუფლებამ სერიოზული გზა უნდა გაიარონ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ჩასმით, საერთაშორისო ლუპის ქვეშ აღმოვჩნდებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი ამერიკაში იმ კონგრესმენთა ჯგუფის მეგობარია, რომლებიც ამერიკაში ახლა ძალიან გაძლიერდა. იმ ჯგუფის შვილობილია, მათი პროექტია. ისინი მიშას ვერ და არც მიატოვებენ. ეს ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებას გათვლილი აქვს?! სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრად უფრო მძიმე საქმეები არსებობს და ამ საქმეებზე ეჭვი რომ არავის შეეპარება ისეთი განაჩენები უნდა იდოს, რომ ის ძებნაზე დაისვას. ესენი კი პოროშენკოს მითითებების  მეტს არაფერს აკეთებენ”,-ამბობს ხუხაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში გეგმავს შესვლას. მასთან ერთად სავარაუდოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი იქნება. მისი თანაპარტიელების და მომხრეების გარდა, საზღვარზე ჩასვლას გეგმავენ უკრაინის სხვა ოპოზიციური პარტიების და რადას წევრები.

7 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მთავარ პროკურატურას საქართველოდან გაგზავნილი მოთხოვნა გადასცა, რითაც საქართველო სააკაშვილის დაპატიმრებას და ექსტრადირებას ითხოვს. მოთხოვნასთან ერთად გადაგზავნილია ის დოკუმენტები, რომლითაც სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული . უკრაინამ უკვე ორჯერ- 2014- 15 წლებში, საქართველოს სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

 

იტვირთბა....