მიხეილ სააკაშვილის პარტიის პრესსპიკერის, მარიანა პოტჩალონის განცხადებით, კიევის დროით 10 საათზე, სააკაშვილს საზღვრისპირა დასახლება პერემიშელში მედიისთვის ბრიფინგი აქვს დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, პოლონეთ – უკარინის საკონტროლო გამშვებ პუნქტ კრაკოვეცში საქართველოს მესამე პრეზიდენტი 3 ათასამდე მომხრეს და 60-ზე მეტ ჟურნალისტს ელოდება. მხარდამჭერთა ნაწილი კრაკოვეცში 9 სექტემბერს ჩავა, ნაწილი კი 10-ში დილით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილი სელატიუკის განცხადებით, სააკაშვილს საზღვარზე პასპორტს ჩამოართმევენ და არ შეუშვებენ. ამასთან, საზღვრის დაცვის სამსახური მოუწოდებს მოგზაურებს 9-12 სექტემბერს კრაკოვეცის გამშვები პუნქტით არ ისარგებლონ, მოსალოდნელი მასშტაბური აქციის გამო.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში გეგმავს შესვლას. მასთან ერთად სავარაუდოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი იქნება. მისი თანაპარტიელების და მომხრეების გარდა, საზღვარზე ჩასვლას გეგმავენ უკრაინის სხვა ოპოზიციური პარტიების და რადას წევრები.
7 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მთავარ პროკურატურას საქართველოდან გაგზავნილი მოთხოვნა გადასცა, რითაც საქართველო სააკაშვილის დაპატიმრებას და ექსტრადირებას ითხოვს. მოთხოვნასთან ერთად გადაგზავნილია ის დოკუმენტები, რომლითაც სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული . უკრაინამ უკვე ორჯერ- 2014- 15 წლებში, საქართველოს სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.