საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. წყალმომარაგების კომპანიების განაცხადების მიღება აქციის ფონზე მიმდინარეობს. სემეკ-თან “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მოქალაქეებს მასთან ერთად სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა პოლიციელებმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
მოგვიანებით, სხდომაზე შესვლია საშუალება მხოლოდ 10-მდე პირს მისცეს.
რამდენიმე წუთის წინ გუგავას, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავასა და კომისიის წევრ გიორგი ფანგანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გუგავამ მათ მიმართა, რომ მოქალაქეებს სხდომაზე შეგნებულად არ უშვებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპირებენ. ამ განცხადებას მილორავასა და ფანგანის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ გუგავა სიცრუეში დაადანაშაულეს და განუმარტეს, რომ დღეს კომისიამ უნდა განსაზღვროს თარიღი 2018 წლის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, სიტუაცია დაცვის თანამშრომლების ჩარევის შედეგად განიმუხტა, რის შემდეგაც გუგავამ სხდომათა დარბაზი დატოვა. სემეკის სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
შეგახსენებთ, რომ Georgian Water and Power-მა, რუსთავისა და მცხეთის წყლის კომპანიებმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას ტარიფის გაზრდის გეგმიური განცხადებით მიმართეს.
წინადადებებზე კომისია მსჯელობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ყოველწლიური პროცედურის შემდეგ წყლის ტარიფის ახალი მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს. მარეგულირებლ კომისიას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმაც მიმართეს.
შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, სემეკ-ში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რადგან კომისია საკითხის განხილვა ჯერ არ დაუწყია და ამისთვის კანონმდებლობით 150 დღეს აქვს განსაზღვრული.
წინადადებებზე კომისია მსჯელობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.