აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„სააკაშვილს ძალიან ცოტა დრო დარჩა“: წავა თუ არა ვაბანკზე პოროშენკო

ანალიტიკოსები “მეტრონომთან” სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიმოიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დილემაა, თუ რას იზამს ის,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში. გადმოსცემენ თუ არა მას საქართველოს მხარეს?  „მეტრონომთან“ საუბარში, ანალიტიკოსები საქართველოს და უკრაინის ქმედებებს სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეცდომად აფასებენ.

მათი აზრით, საქართველოს პროკურატურას უკრაინის მხარისთვის მისი ექსტრადირების მოთხოვნით მესამედ არ უნდა მიემართა. ეს საქართველოს მხრიდან კიდევ ერთხელ იმ მოსაზრების გამყარება იყო, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება სინამდვილეში არ სურს. თუმცა, მათივე თქმით, თუ სააკაშვილს უნდა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა გაგრძელოს, ის უკრაინაში უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კარიერა დასრულდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი მიუხედავად ორი ქვეყნის წინააღმდეგობისა, გეგმების შეცვლა არ პირებს. ის 10 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გეგმავს.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. არცერთ მათგანს არ სურს, რომ ის ქვეყანაში  შევიდეს. ამიტომ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას საერთო მიზნები ამოძრავებს. აქედან გამომდინარე, საქართველომ თითქმის გააფრთხილა სააკაშვილი, რომ უკრაინაში არ შევიდეს.

ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილი, როგორც პატიმარი, საქართველოს ხელისუფლებისთვის შეიძლება უფრო დიდი თავის ტკივილი  იყოს, ვიდრე ძებნილის სტატუსით. მისი თქმით, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველომაც თავის დაზღვევა გადაწყვიტა და უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ კიდევ ერთხელ მიმართა. ამიტომაც, ჩვენი პროკურატურის განცხადებას, უფრო პრევენციის სახე ჰქონდა.

„თავად სააკაშვილი წავა თუ არა ვაბანკზე, ეს ძალიან რთული საკითხია. გვახსოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში ნებისმიერი გზით ჩამოვიდოდა. თუმცა, აღარ ჩამოვიდა. ამიტომაც,  წინასწარ სააკაშვილის ქმედების განსაზღვრა რთული იქნება.

ვფიქრობ, თუ სააკაშვილი უკრაინაში არ შევიდა, მაშინ მისი როგორც პოლიტიკოსის კარიერა დასრულდება. თუ გაბედა და შევიდა, მაშინ მას შეუძლია, რომ ევროპაში ერთ-ერთი წონიანი პოლიტიკოსი გახდეს. თუმცა, ამ გადასახედიდან ძნელი სათქმელია, მას უკრაინაში რა ძალები უჭერენ მხარს და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს“, – ამბობს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.

ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილის უკრაინაში შესვლით, პოროშენკო სერიოზული დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მისი აზრით, თუ ის ქვეყანაში შევა, პროცესები არ არის გამორიცხული ფორსირებულად წარიმართოს. პოროშენკო ახალ რევოლუციას უნდა ელოდოს. ლაგაზიძის განცხადებით, თუ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ უკრაინაში განვითარებული პროცესების სათავეში მოექცეს, მას ძალიან ცოტა დრო დარჩა.

თუმცა, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ თუ უკრაინაში სააკაშვილის მეშვეობით ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო, მაშინ სიტუაციაში რუსეთი ჩაერთვება, რომელიც დომბასს და აღმოსავლეთ უკრაინას შეუტევს. ლაგაზიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ამიტომაც მისი უკრაინაში შესვლა მათ გადაწყვეტილებაზეც იქნება დამოკიდებული.

პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ იმიტომ მიმართა, რომ მას საზოგადოებაში არსებული იმ მოსაზრების გადაფარვა სურს, რომლის მიხედვითაც ჩვენს მთავრობას სააკაშვილის ექსტრადირება არ სურს. პოლიტოლოგის აზრით, მაშინ მსგავსი მოთხოვნით საქართველოს პოლონეთისთვის უნდა მიემართა, სადაც სააკაშვილი ამჟამად იმყოფება.

ნოდიას თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, უკრაინაში არც და ვერც შევა. ის ვერც საჰაერო და ვერ სახმელეთო გზით უკრაინაში ვერ შეაღწევს, რადგანაც მესაზღვრეები მას ამის საშუალებას არ მისცემენ. ამიტომ ნოდიას აზრით, ნაკლები შანსია, რომ სააკაშვილი ტყე-ტყე ჩუმად შეიპაროს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს მაინც სააკაშვილის პიარსვლაა, რომელსაც ის პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

„წარმოუდგენელია, სააკაშვილი უკრაინაში როგორ შევა, თუ ის მესაზღვრეებმა არ შეუშვეს. ეს იქნება უფრო პიარის და შოუს ელემენტების მქონე აქცია. სააკაშვილი მივა საზღვართან, სადაც მედიის და პოლიციის თანამშრომლები დახვდებიან. იქ დაანახებს საზოგადოებას, რომ მას უკრაინაში არ უშვებენ. სხვა საკითხია, თუ მას მესაზღვრეები შეუშვებენ და შემდეგ უკრაინაში დააკავებენ. არ მგონია, რომ პოროშენკოს ახლა მიშას შარი აწყობდეს. ნაკლები მოლოდინი ამქვს, რომ როგორც უკრაინა ასევე სააკაშვილი ასეთ ვაბანკზე წავიდნენ. ამ სიტუაციაში კი საქართველო თავისი ხეირის ნახვას ცდილობს. ერთის მხრივ, საზოგადოებას უმტკიცებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირება და დაპატიმრება სურს, ხოლო მეორეს მხრივ იმის ჩვენება, რომ უკრაინასთან პოროშენკოს ვიზიტის შემდეგ, სრულიად სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა“, – ამბობს ნოდია „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....