ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიტროპოლიტი დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას აპირებს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას აპირებს.

მან ამის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თუ როდის აპირებს სასჯელაღსრულებაში შესვლას, მეუფე დიმიტრის არ დაუკონკრეტებია.

„ვაპირებ შევხვდე, რადგან წლებია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. მისმა ამ ქმედებებმა გარკვეულწილად დააზიანა ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენი უმთავრესი მოწოდებაა, რომ ადამიანი უნდა შეიწყნარო და იყოს სინანულში. მამა გიორგის ჯერჯერობით ამის განცდა არ აქვს, მაგრამ ალბათ გაუჩნდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა პატრიარქს ესაუბრა, მან უთხრა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის:

„რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე. ის ჩვენს ეპარქიაში, ქობულეთში ბრძანდება. მან პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო, რაც ეს დეკანოზის ოჯახის წევრებსაც უთხრა.

თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იტვირთბა....