თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სხდომის მიმდინარეობისას ცუდად გახდა, რის გამოც წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი განმარტავს, რომ სხდომის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა.
“ოთარ აბესაძე მას შემდეგ გახდა ცუდად, როდესაც ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალურ მონაცემებში სწორედ ამას ვგულისხმობთ – ანუ ეს ეხება მის ჯანმრთელობას, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად ოთარ აბესაძემ ითხოვა სხდომის გადადება”, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ხვალინდელ პროცესზე ოთარ აბესაძის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს, თუმცა ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე საქმეში ახალი გარემოება არ არსებობს, რის გამოც პატიმრობა ნაკლებად მსუბუქი სასჯელით უნდა შეიცვალოს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის წინასასამართო სხდომა დაიხურა. მისმა ადვოკატებმა სხდომის სრულად დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რაც იმით ახსნეს, რომ პროცესზე დაცვის მხარე გეგმავს ბრალდებულის პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების წარდგენას.
წინა პროცესზე კი ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლე მიიჩნევს, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე კვლავ ძალაშია და გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.