ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: არ გამიკვირდება თუ „ფე-ეს-ბეს“ აგენტად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ

“ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში „ფე-ეს-ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. მის კომენტარს ria.ru სააკაშვილის პრესცენტრზე დაყრდნობით აქვეყნებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას უკრაინის ხელისუფლება ემუქრება და ასევე, პოლონეთის ხელისუფლებაც წნეხის ქვეშ ჰყავს.

„ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა მომცენ შესაძლებლობა ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც ხელისუფლება განმარტავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. თავად სააკაშვილი ამ ცნობის გავრცელების დროს ამერიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....