ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” 3-11 სექტემბერს ჩატარდება.
სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მიმდინარე ზაფხულს მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი–2017” საქართველოში მესამედ ჩატარდა. ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულა. სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.