რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილის განცხადებით, კომპანიამ რკინიგზელებს სამუშაო ადგილის შეცვლა შემცირებული ტვირთბრუნვის გამო შესთავაზა:
„თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენას რაც შეეხება, თვითონაც ვერ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომ საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლებს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება. ასეთი რამ არ არსებობს. პირიქით, იმ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთ რეგიონში ტვირთბუნვა შემცირებულია და რომ არ გაგვეშვა ეს თანამშრომლები, ამიტომ შევთავაზეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სამუშაო ადგილები, საცხორებლითა და ტრანსპორტის უზრუნველყოფით”, – განაცხადა კლარჯეიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შიმშილობის მეათე დღეს, “აუდიტორია 115”-ის მიერ გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც დააკავეს 10 ადამიანი. მათ შორის არიან “აუდიტორია 115”-ის წევრები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები. დაკავებულები არიან ამ დროის განმავლობაში მოშიმშილე აქციის წევრები.
რკინიგზეკთა პროტესტი იმან გამოიწვია, რომ მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.
გუშინ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.