პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ დეპუტატი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ვიდრე ხანძრების სერია დაიწყებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს.
ვოლსკი ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ გასაკვირი არ არის, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და მათთან დაკავშირებულმა მედია საშუალებებმა გარკვეული თემების მუსირება დაიწყეს და საზოგადოებაში ისეთი საკითხები შეაქვთ, რაც შესაძლოა, მათ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.
„შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების, რჩევების, არაპროფესიონალური შეფასებებისა და ხშირ შემთხვევაში, უზნეო შეფასებების გაკეთება საზოგადოებისთვის, ქვეყნის სტაბილურობისთვის დამაზიანებელია.
ამ საკითხებს სიღრმისეულად უნდა ჩავუფიქრდეთ. ვიდრე ხელისუფლება რაიმე გადაწყვეტილებამდე მივა, უამრავი რამ აქვს გასათვალისწინებელი. თუნდაც ის, რომ ცოტა ხნის წინ, სანამ ხანძრების სერია დაიწყებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს.
აქედან გამომდინარე, ბევრი თემაა გასათვალისწინებელი. ვითარება საკმაოდ ამაღელვებელია, მაგრამ ამ აღელვებამ ნაჩქარევი და არასწორი დასკვნების გაკეთება არ უნდა გამოიწვიოს. ზოგი ამბობს, რომ შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა შექმნილ ვითარებასთან. აუცილებლად უფრო უარესი უნდა იგულისხმო და იმ პრინციპით უნდა იმუშაო, რომ სხვადახვა მიმართულებებით პროფესიონალური ძიება ჩაატარო. შინაგან საქმეთა სამინისტროში მყოფი პროფესიონალთა ჯგუფი სწორედ ამას აკეთებს“, – აცხადებს ვოლსკი.