“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირდა. პოლიტიკურ საკითხებზე დავისას, ნათელაშვილმა ერთ-ერთ მოსახლეს ბიძინისტი უწოდა და განაცხადა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ღუპავენ ქვეყანას. კამათი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნათელაშვილს უთხრა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ააყვავა.
“გააჩერეთ, ეს ნუ ყეფს, ბიძინისტია” – ასე მიმართა მან ერთ-ერთი ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელიც არსებული ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილებას გამოთქვამდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მან ხანძრის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი თქმით, პირველ-მეორე დღესვე უნდა მოეხდინა რეაგირება და ხელისუფლებას ეძინა.
“მივმართავ ევროკავშირს, რომ სწრაფად გამოაგზავნოს მძიმე ტექნიკა, ავიაცია, ხანძარჩამქრობი ავიაცია, რომ მოხდეს სასწრაფოდ ცეცხლის ჩაქრობა”. – ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირიც თანაბრად პასუხისმგებელია იმაზე, რაც ბორჯომის ხეობაში ხდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილ ხანძართან ბრძოლა მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით დამწვარია 12 ჰექტარი ტყის მასივი.