გერმანიაში მენინგემში მყოფი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „wizz air“- მა 200-მდე მგზავრი უპატრონოდ მიატოვა.
მგზავრებმა გასაშლელი საწოლები დადგეს და ცდილობენ აეროპორტის შენობა არ დატოვონ. ხალხი საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.
ერთ-ერთი მგზავრი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, რომ ის თვითმფრინავი, რომლითაც უნდა წასულიყვნენ, უამინდობის გამო მიუნხენში დაჯდა. მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე თვითმფრინავი საქართველოში გადაფრინდა მგზავრების გარეშე.
“ახლა სიტუაცია დალაგდა, ხალხი დაიშალა. დიდი ბრძოლის შემდეგ ბილეთები გადაცვალეს. ზოგი მილანში წავიდა, ზოგი ბერლინში, ჩვენ კი 24 აგვისტოს გადაგვიტანეს ფრენა დორტმუნდიდან. აქედან უზრუნველგვყოფენ მხოლოდ ავტობუსით აეროპორტამდე, იქ კი 3 დღე სად უნდა წავიდეთ, არ ვიცით”, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი “ინტერპრესნიუსთან”.
ცნობისთვის, მემინგენი – ქუთაისის ავიარეისი, რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, გაუქმდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა გახდა. თუმცა მგზავრების თქმით, რეისის გაუქმების შესახებ მათ არანირი განმარტება არ მისცეს.