ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსი პრანკერი მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შს მინისტრთან სააკაშვილზე საუბრის ფაქტი

რუსი პრანკერი მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრის ფაქტი. განცხადება ანდრეი სტოლიაროვმა, მეტსახელად “ლექსუსმა”, რუსული რადიო სადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზას გადასცეს.

“ეს არ არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი. მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, იქნება ეს ერდოღანი თუ ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის გადავცემდით ამ ჩანაწერებს ექსპერტიზისთვის დამოუკიდებელ სააგენტოებს. ყოველთვის ფაქტები მტკიცდებოდა. მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი გვაქვს, თუ აუცილებელია, შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ვფიქრობ, მის გარემოცვაში ეს ნომერი ყველამ იცის” – აცახდებს რუსი პრანკერი, ანდრეი სტოლიაროვი.

“ლექსუსის” თქმითვე, მინისტრმა მათ ღია სატელეფონო კავშირის დროს საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

აუდიო ჩანაწერი უკრაინულმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა. ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, “ვოვანმა” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

სატელეფონო საუბრისას მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრეს. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის შინაარს შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....