გაზის ტარიფები საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით გაზის ტარიფები შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ დამოუკიდებელი, არამომგებიანი ანალიტიკური ცენტრი “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ პროცენტულ მაჩვენებელზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ზამთარსა და ზაფხულში ელექტრო ენერგიისა და გაზის მოხმარების კუთხით არსებობს:
„საქართველოში, ოჯახის მთლიან დანახარჯებში კომუნალური ხარჯების საშუალო წილი 11-12% შეადგენს (სახლის მოვლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა სათბობის მოხმარების ხარჯები). ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებისთვის თითქმის ორჯერ მაღალია – 24.4 %.
აქედან, თბილისში გაზზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი არის 4.9%, ხოლო ელექტროენერგიაზე – 3.4%. სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებლები შეადგენს 1.8% – ელექტროენერგიაზე და 2.9% გაზზე.
საქართველოში ზამთრის პერიოდში დაახლოებით 4-5 ჯერ მეტი გაზი მოიხმარება ზაფხულთან შედარებით. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აბონენტებისათვის ბუნებრივი გაზის ხარჯები ზამთარში მთლიანი ხარჯების 8.4% შეადგენს, ხოლო ზაფხულში – 1.8%-ს (საშუალოდ 4.9%). საქორგგაზის და სოკარ-გაზის აბონენტებისთვის კი შესაბამისად ზამთარში 4.9%-ად, ხოლო ზაფხულში 1.1%-ად ნაწილდება (საშუალოდ 2.9%).
შედარებისთვის, ევროსტატის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის საშუალო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს საკვებ პროდუქტებზე დანახარჯებს და ის 33-35%-ს შეადგენს.
17-18 ივლისს სემეკმა განაწილების ახალი ტარიფები დაადგინა: შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრით ძველ მაჩვენებელს 0.534 თეთრით აღემატება. სს „საქორგგაზისა“ (57.011თ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსის“ ტარიფებმა კი (56.940თ) საშუალოდ 11-12 თეთრით მოიმატა.
გაზრდილი დანახარჯების ძირითადი წილი ზამთარზე მოდის. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებისათვის გაზრდილი მაჩვენებელი მთლიანი დანახარჯის 0.057%-ს შეადგენს, ამ ცვალებადობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საშუალო ოჯახის ხარჯები ზამთარში 0.08-0.09%-ით ხოლო ზაფხულში 0.02%-ით გაიზრდება.
სხვა ქალაქების აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფები საშუალო ოჯახის მთლიან დანახარჯებს გაზრდის 0.56%-ით. კვლევების მიხედვით სოფლის მოსახლეობა უმეტესად შეშით თბება, შესაბამისად ანალოგიური შეფასება სოფლებისთვის შედარებით გართულებულია.
ტარიფების ცვლილების სოციალური ეფექტის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი, დაბალშემოსავლიან ოჯახებში ენერგეტიკული ხარჯების წილი უფრო მაღალი რჩება, ვიდრე შეძლებულ ოჯახებში. შესაბამისად, საჭიროა არა იმდენად ტარიფების შემცირება, რამდენადაც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები“, – ნათქვამია World Experience of Georgia-ს განცხადებაში.