“შორენა თეთრუაშვილმა და მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქამდე არ მიიტანეს ეს განცხადება. არადა, პატრიარქს რომ ენახა, დარწმუნებული ვარ დამაფინანსებდა”
კომენტარი საპატრიარქოდან: „ეგეთი თანხა მეც არ მაქვს და მეც უნდა მოვიპოვო, 10-10 თუ 20-20 ლარის შეგროვებით…“
რედაქციაში არც ისე ხშირია სასულიერო პირის გამოჩენა, ხოლო „მეტრონომს“ ნამდვილად პირველი შემთხვევა ჰქონდა, როცა შავი ბერი ესტუმრა და საკმაოდ უცნაური ისტორია უამბო. ბერი შიოს (საერო ცხოვრებაში, პაატა ლურსმანიშვილის) ინფორმაციით, მას ფეხზე ოპერაცია სჭირდება, რომლის ნაწილს მერია უფინანსებს, დარჩენილი ნაწილის მისაღებად კი, საპატრიაქროს მიმართა, თუმცა უარი მიიღო:
„მაწუხებს ფეხი, რომელზეც ოპერაცია მჭირდება. საჭიროა 8 000 ლარი, რის დაფინანსებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მითხრა – პენსიონერი უნდა იყო, რომ დაფინანსდესო. მერიამ და ნაძალადევის გამგეობამ, სადაც განცხადებები 2016 წელს შევიტანე, 3 000 ლარით დამაფინანსეს. მერე მე გადმოვედი მახათას მთაზე, სადაც მამა ნიკოლოზია ხელმძღვანელი და ვთხოვე ეს 3 000 ლარი, რაც მაკლდა, დაემატებინა, მაგრამ არ დამეხმარა. მითხრა, ვინც ამ ოპერაციის ფულს მოგცემს, საპატრიარქოა და განცხადება დაწერეო. ფაქტობრივად, გამომაგდო. საპატრიაქროში განცხადება 2016 წელს სამჯერ მქონდა უკვე დაწერილი, თუმცა შორენა თეთრუაშვილმა და მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქამდე არ მიიტანეს ეს განცხადება. არადა, პატრიარქს რომ ენახა, დარწმუნებული ვარ დამაფინანსებდა. ამიტომ, მივედი დასუფთავების სამსახურში, რომ მუშაობა დავიწყო, ხელფასი მქონდეს და ოპერაცია გავიკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან მიჭირს მუშაობა, ოპერაციის საჭიროების გამო.“ – განაცხადა „მეტრონომთან“ ბერმა.
მისი თქმით, ჯვრის მინასტრიდან, სადაც ბერად აღიკვეცა, მახათას მთაზე სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ფეხის ოპერაცია სჭირდებოდა და მონასტერი არ დაეხმარა, თუმცა არც მახათას მთის მონასტერმა შეძლო ოპერაციის დაფინანსებაზე ზრუნვა.
ამიტომ, ბერმა გვთხოვა განცხადება გამოგვექვეყნებინა და საზოგადეობისთვის მის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა გვეთხოვა, რადგან ოპერაციის დაფინანსებას სხვა მხრივ ვერ მიაღწია…
„მეტრონომი“, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საპატრიაქროს დისკრედიტაცია მოდურიც კი გახდა, შეეცადა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლოდა ბერის ნაამბობს და პირველ რიგში მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაგვემოწმებინა.
ამისთვის, საპატრიაქროს პრეს-ცენტრს დავუკავშირდით, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად არსებობს ბერი შიო, რომელიც განკვეთილი არ არის და საპატრიაქროს ზედამხედველობის ქვეშ ირიცხება.
ასევე, დავრწმუნდით, ხომ არ ცდილობდა ბერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცრუ ინფორმაციით მანიპულაციას. როგორც თავად ბერმა მოგვაწოდა დოკუმენტები, ექიმის ხელმოწერით, მას ნამდვილად უფიქსირდება საოპერაციო დიაგნოზი.
ამავდროულად, ჩვენ გადავამოწმეთ საპატრიაქროში, ჰქონდა თუ არა ბერს განცხადებები დაწერილი 2016 წელს, ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით, რაც საპატრიარქოს პრეს-სამსახურშიც დაგვიდასტურეს.
მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ გაუჭირდა საპატრიაქროს, რომლის წლიური ბიუჯეტი ოფიციალურად 25 მილიონ ლარს შეადგენს, ბერის მკურნალობა, რომელსაც სწორედ თავისი აღმსარებლობის გამო, მუშაობა და ხელფასის მიღება არ შეუძლია და საპატრიაქროს მფარველობის ქვეშაა. თავდაპირველად, დავუკავშირდით მახათას მთის მონასტრის ხელმძღვანელს, მამა ნიკოლოზს, რომ გაგვეგო, რატომ ვერ შეძლო მონასტერმა ბერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მამა ნიკოლოზს „მეტრონომთან“ არ უარყვია, რომ ბერი შიო ნამდვილად იყო მათ მონასტერში და ფეხის ოპერაციაზეც ჰქონდა მასთან საუბარი:
„მეტრონომი“: თუ იცნობთ ბერ შიოს, რომელიც ამბობს, თქვენ მონასტერს ეკუთვნოდა და გქონდათ ინფორმაცია, რომ მას ფეხის ოპერაცია სჭირდება?
მამა ნიკოლოზი: ბერი შიო ჩვენ მონასტერში უბრალოდ თავშეფარებული იყო. ის უნდა მივიდეს საპატრიარქოში, აიღოს კურთხევა და საპატრიაქომ გადაწყვიტოს, სად გამწესდება. მე არ მაქვს ბერის მიღების უფლება.
რაც შეეხება ფეხის ოპერაციას, მქონდა ინფორმაცია, მაგრამ მას მაშინვე ვუთხარი, რომ ჩვენ მონასტერს ამის საშუალება არ აქვს.
– მან გვითხრა, რომ თქვენგან რჩევა მიიღო, საპატრიაქროში შეეტანა განცხადება, თუმცა მის განცხადებას საპატრიაქროდან გამოხმაურება არ ჰქონია.
– რჩევას ჩემგან ის არასდროს იღებდა… თვითონ მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც რა უთხრეს არ ვიცი, მაგრამ გარკვეული დროით შევიფარე, რომ ქუჩაში არ ყოფილიყო. თუმცა შემდეგ თავისი ნებით დატოვა მონასტერი და სად წავიდა, არ ვიცი…
როგორც ბერი შიო „მეტრონომთან“ აცხადებს, რადგან მას ფეხი საოპერაციო აქვს და დაფინანსებას მონასტრებისა და საპატრიაქროსგან ვერ იღებს, ამიტომ აღარ ეძებს რომელიმე მონასტერში თავშესაფარს (რადგან მუშაობის და ხელფასის მიღების უფლება, როგორც ბერს, არ ექნება) და აპირებს დასუფთავების სამსახურში იმუშაოს, რის შემდეგაც ხელფასის დაგროვებით ოპერაციას გაიკეთებს…
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის რჩევით, საკითხის დასაზუსტებლად „მეტრონომი“ ცისანა შარტავას დაუკავშირდა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია და შესაბამისად, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც მას ევალება:
„მეტრონომი“: ქალბატონო ცისანა, ბერი შიო მოვიდა რედაქციაში და მოგვიყვა, რომ ოპერაციისთვის თანხას ეძებს. გვაჩვენა ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი…
ცისანა შარტავა: მე მაქვს ამ განცხადების ასლები, ჩვენთან იყო იანვარში…
– ამბობს, რომ საპატრიარქომ არ დაუფინანსა მას ოპერაცია და სხვისი დახმარება სჭირდება…
– საპატრიარქო არ აფინანსებს ამგვარ საკითხებს, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ… საპატრიარქოს ჯანდაცვისთვის ბიუჯეტი არ აქვს. საპატრიარქოს გახსნილი აქვს კაბინეტი, სადაც მოხალისე ექიმები უფასო კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს. ეს არის ჩვენი სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვაკვალიანებთ მათ, სად და როგორ მოიძიონ თანხები. როცა მამაომ მოგვმართა, ერთად ვეძებეთ დაფინანსების საშუალებები, მაგრამ ისევ სახელმწიფოსთან გზების გაკვალვით. სახელმწიფო, სამწუხაროდ, ამ ოპერაციას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აფინანსებს -როცა პენსიონერია პაციენტი; პროთეზირება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება; სოციალურად დაუცველებს კი დაზღვევა აფინანსებს. ეს (ბერი, რედ) არცერთ ჯგუფში არ ხვდებოდა, თორემ ჩვენ ვეცადეთ…
– რადგან ბერს აღმსარებლობა არ აძლევს საშუალებას იმუშაოს და ხელფასი ჰქონდეს, ხოლო ამ აღმსარებლობით ეკუთვნის საპატრიარქოს, არის თუ არა ვალდებული საპატრიარქო მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს?
– სწორედ ამიტომ ჩვენ დაზღვევის საკითხსაც ვერ ვარკვევთ ხოლმე… ეს ისეთი, მოსაგვარებელი საკითხია… ბერს მუშაობა არ შეუძლია და როცა ჯანდაცვის საკითხი მოგვარდება, ბედნიერები ვიქნებით.
– ქალბატონო ცისანა, როცა ამ მასალას გავაკეთებთ, დარწმუნებულები ვართ, საზოგადოების ნაწილისგან კომენტარები იქნება, რომ საპატრიარქოს აქვს დიდი ბიუჯეტი და ბერებს, რომელთაც მუშაობა სწორედ იმ აღმსარებლობით, რომლითაც საპატრიარქოს ეკუთვნიან, არ შეუძლიათ, საპატრიარქო უნდა მკურნალობდეს…
– საქმე იმაშია, რომ ამ ბიუჯეტთან ჩვენ შეხება არ გვაქვს. შარშან თუ შარშანწინ გამოქვეყნებული იყო გვერდნახევარზე, რომ ბიუჯეტის თანხები სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზეა გათვლილი, ისიც არა 100 პროცენტით, არამედ გარკვეული ნაკლოვანებებით და ისინიც წვალობენ… თვითონ ჯანდაცვას რაც შეეხება, ეს ბერები არიან საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები და …
– მაგრამ, სახელმწიფო ყველანაირ მკურნალობას 100 პროცენტით არ აფინასებს; ანუ ადამიანს რამე შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომ თანადაფინანსება შეძლოს. ბერს კი აღმსარებლობა, რომლითაც საპატრიარქოს ეკუთვნის, მუშაობით ხელფასის მიღებას უკრძალავს. რა გააკეთოს?
– ამიტომ გასარკვევია სწორედ ეს საკითხი და ეს ასე მარტივად საპასუხო არ არის…
– დიდი მადლობა კომენტარისთვის, მინიმუმ ის იკვეთება, რომ ამ მხრივ საკითხი გასარკვევია… ვინ უნდა გაარკვიოს, ვის ეხება ეს?
– ალბათ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის უნდა გაირკვეს… ამისი დროც ალბათ დადგება… ჯანდაცვის რეფორმა იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ საკითხის დასმა… არ არის ალბათ ასე მარტივად გადასაწყვეტი… იყო ამაზე ბევრჯერ ლაპარაკი, წინა მინისტრთან, ახლანდელ მინისტრთანაც…
– თუმცა, ბიუჯეტი, რომელიც საპატრიარქოს აქვს, ბერებზეც რომ გადანაწილდეს და სახელმწიფოზე არ იყოს მათი მკურნალობა დამოკიდებული, არ შეიძლება?
– ეს საგანმანათლებო დაწესებულებების მიერ სახელმწიფოსთან ერთად მოპოვებული ბიუჯეტია. ეს თანხა ჯანდაცვაზე ვერაფრით ვერ გადანაწილდება… ასე მარტივად სალაპარაკო ეს არ არის… საპატრიარქოს თავისი ბიუჯეტიც რომ ჰქონდეს ჯანდაცვაზე, ვერ გამოყოფს და შემოზღუდავს ასე – მხოლოდ ვიღაცისთვის… საპატრიარქოს კარი ღიაა ყველასთვის, ყველა აღმსარებლობისთვის და ასე მარტივად სალაპარაკო საკითხი არ არის. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფომ, როგორც თავის ყველა მოქალაქეზე, ამათზეც უნდა იზრუნოს. საპატრიარქოს რომც გამოუყონ ეს ბიუჯეტი, შეზღუდოს და ვიღაცას მისცეს, ვიღაც არ დააფინანსოს? ასეთი რამ ვერ გამოვა, რადგან საპატრიარქო კარს ყველას უღებს. როგორ გაანაწილებდით ამ ბიუჯეტს, მთელ საქართველოზე?
– აღმსარებლობის გამო რომ ადამიანს მუშაობა არ შეუძლია, მის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს იმ უწყებამ, რომელსაც ეკუთვნის ამ აღმსარებლობით და რომელიც უწესებს, რომ ბერობის გამო მუშაობა და ხელფასის მიღება არ შეუძლია…
– საპატრიარქო ზრუნავს იმით, რომ ჩვენი ექიმები გადიან მონასტრებში, სინჯავენ მათ, დანიშნულებას აძლევენ; თუ ვიღაც შემოწირულობას აკეთებს, ამით წამლებს ურიგებენ… ყველანაირად ეხმარებიან. ეს შემთხვევა, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, უკვე სახელმწიფო რეგულაციების ფარგლებში ექცევა, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე. მაგალითად, ახლა ჩვენ მოგვმართა ერთმა ოჯახმა, ჰყავთ უმძიმესი პაციენტი, ბავშვი, რომელსაც სჭირდება ერთ-ერთი ორგანოს გადანერგვა და გვთხოვს, რომ საპატრიარქომ თანხა მოიძიოს. როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
– კეთილი, მაგრამ ამ ოჯახს შეუძლია, ანუ უფლება აქვს, რომ იმუშაოს და თანხა ისე გამოიმუშაოს; საპატრიარქო მათ არ უკრძალავს მუშაობას, განსხვავებით ბერებისგან, რომლებიც საკუთარი ნებით, მაგრამ იმ აღმსარებლობის მიღებით, რაც საპატრიარქოს უკავშირდება, მუშაობის და ხელფასის მიღების უფლებას კარგავენ. ანუ, ბერები საკუთარი ხელფასით ვერ იმკურნალებენ; მათზე არ უნდა იზრუნოს საპატრიარქომ?
– რა ცუდია, რომ არასახელმწიფოებრივად აზროვნებთ და სენსაციურ თემებზე გინდათ საუბარი – რას ნიშნავს საპატრიარქო უკრძალავს? ბერის ცხოვრების წესია ასეთი. „იშრომე და ილოცე“ -ეუბნებიან მათ.
– ბერს საკუთარი შრომით მოყვანილი კარტოფილის გაყიდვა შეუძლია?
– ვერ გეტყვით… ის არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასზე. მე გამოგიგზავნით ყველა ოჯახს, რომელიც საპატრიარქოში მოდის დახმარების სათხოვნელად და როგორ დაეხმარებით?
– ქალბატონო ცისანა, ალბათ სწორად ვერ მოგაწოდეთ საკითხი: არ ვამბობთ, რომ საპატრიარქო ვალდებულია ყველას დაეხმაროს, ჩვენ ვსვამთ კითხვას – ბერი, რომელიც საპატრიარქოს ეკუთვნის და რომელსაც მუშაობის და ხელფასის მიღების უფლება არ აქვს, უნდა დაეხმაროს თუ არა მას საპატრიაქრო მაშინ, როცა ჯანმრთელობისთვის დაფინანსება სჭირდება?
– ვერ გეტყვით… სოციალურ სამსახურს ჰკითხეთ მაშინ. მე იმას გეუბნებით, რაც ჩემს კომპეტენციაშია.
„მეტრონომიც“, ცისანა შარტავას რჩევით, საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზურაბ ვარაზს დაუკავშირდა.
„მეტრონომი“: ბატონო ზურაბ, ქალბატონმა ცისანა შარტავამ განგვიცხადა, რომ საპატრიარქოს არ ეხება ბერის დაფინანსება. სასულიერო პირს, რომელსაც ეკრძალება მუშაობა და ამით ხელფასის მიღება, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში საპატრიარქო უნდა უფინანსებდეს თუ არა მკურნალობას?
ზურაბ ვარაზი: იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მკურნალობას, ბერ-მონაზვნებზე, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებზე, ვრცელდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიღებული კანონმდებლობა. როდესაც მწვავე შემთხვევაა და გადაუდებელი დახმარება სჭირდება, საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს მას. თუ პლასტიკური ოპერაცია კეთდება, ან მსგავსი, მისი დაფინანსება არ ხდება. ცალკე ფონდი ამ შემთხვევაში საპატრიარქოში არ არსებობს.
– როგორც ბერმა განგვიცხადა, მერია აფინანსებდა მისი ოპერაციის ნაწილს. მაგალითად, მას სჭირდებოდა 8 000 და მერია 3 000 ლარამდე უფინანსებდა. დანარჩენი თანხა კი საიდან უნდა მოეპოვებინა, თუ არა საპატრიარქოდან, რომელსაც განცხადებით მიმართა, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო. მან ჩვენთან მოიტანა ექიმის დასკვნა, სადაც დანამდვილებით ჩანს, რომ ოპერაცია სჭირდება.
– საერთოდ, ასეთი რამ თითქმის არ ხდება… ძალიან ადვილად აგვარებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებს თვითონ ეპარქიაში; ან ცისანა შარტავასთან მიდიან, რომელსაც კომუნიკაცია აქვს საავადმყოფოებთან. თხოვნით მიმართავენ მათ და მოაგვარებენ ხოლმე. რატომ მოხდა ეს, ვერ გეტყვით.
– ცისანა შარტავამ განგვიცხადა, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სწორედ საპატრიარქოს ეხება ბერების ჯანდაცვაზე ზრუნვა, რადგან მათ არ შეუძლიათ იმუშაონ, ხელფასი ჰქონდეთ და თავად იმკურნალონ. რა უნდა გააკეთოს ამ ბერმა? ყველასგან უარი მიიღო…
– რთულ კითხვას მისვამთ… ლოგიკურად, ის მონაზონია, ეკლესიას ეკუთვნის და საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტი ამ მიზნით არის შექმნილი, რომ ეს გააკეთონ და დახმარება გაუწიონ… მცხეთა-თბილისის ეპარქიას ეკუთვნის და პირდაპირ საპატრიარქოს პრეროგატივაა… ძალიან დამაბნიეთ, ოფიციალური წერილი თუ დაწერა, მიიღებდნენ საპატრიარქოში…
– ქალბატონმა ცისანამ დაგვიდასტურა, რომ ეს განცხადება მიღებული აქვთ, მაგრამ „საკითხი საპატრიარქოს არ ეხება“.
– ვერ გავიგე, აბა, ვის ეხება…
– ბერი ასევე ხაზს უსვამდა, რომ პატრიარქის სახელზე დაწერა განცხადება, თუმცა მას არ მიაწოდეს.
– ვფქირობ, რომ უნდა მიეწოდებინათ პატრიარქისთვის ეს განცხადება… პატრიარქს რომ გაეგო ეს, შეიძლება არც ატეხილიყო ამბავი… ასეთი შემთხვევა არ გამიგია… წესით, თანადაფინანსება საპატრიარქომ უნდა უზრუნველყოს…
„მეტრონომთან“ ინტერვიუს შემდეგ, ბატონმა ზურაბმა შემოგვთავაზა, ბერი მასთან მისულიყო, რათა დახმარებოდა და დაეკვალიანებინა. ზურაბ ვარაზის ეს შემოთავზება ბერ შიოს გადავეცით, თუმცა რამდენიმე დღეში ბერი ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბატონი ზურაბი მას შემდეგნაირად დაეხმარა – მიიღო და ერთ-ერთ კლინიკაში ჩაწერა, სადაც ოპერაციის თანხა 3 000 ლარამდე შეუმცირეს. თუმცა ეს თანხაც სად უნდა მოიპოვოს, კვლავ გაურკევევლი რჩება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით ზურაბ ვარაზს, რომ კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდიდა ბერი. როგორც ვარაზმა „მეტრონომს“ განუცხადა, მის კომპეტენციაში რაც შედიოდა, ყველაფერი გააკეთა.
ზურაბ ვარაზი: რაც მოვახერხე, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალში“ დავუკავშირდი ტრავმატოლოგს, რომელმაც მითხრა, რომ 3 000 ლარად პროფესორი გაუკეთებს ოპერაციას. ბერს ვუთხარი, რომ ეს თანხა როგორმე მოეპოვებინა – ან საპტრიარქოში ეთხოვა, ან სხვაგან, სადმე… ასევე, დავეკონტაქტე ცისანა შარტავას, ნინა მჟავანაძეს და მათ გაუხარდათ, რომ ეს თანხა ბევრად უფრო ნაკლები და ხელმისაწვდომია.
– გასაგებია, თუმცა ბერმა დაგვირეკა და გვკითხა, ეს თანხა, თუნდაც 3 000 ლარი, საიდან უნდა მოიპოვოს, როცა ის ბერია…
– ეგეთი თანხა მეც არ მაქვს და მეც უნდა მოვიპოვო, 10-10 თუ 20-20 ლარის შეგროვებით…
– ისევ იმავე საკითხს რომ დავუბრუნდეთ – თუ ბერს სჭირდება ჯანმრთელობისთვის ფინანსური დახმარება, საპატრიარქო ამას ვერ ახერხებს?
– არ ვიცი, ბერი თუ არის… პირველი შემთხვევაა, არ გამიგია ასეთი არაფერი… ცისანა შარტავა და ისინი აკეთებენ ამას, ხანდახან უფასოდ უკეთებენ ოპერაციას ხოლმე, რაღაცნაირად… არ არიან ცუდად განწყობილი და გვეხმარებიან. რა მოხდა მანდ, ვერ გეტყვით… პირველად მესმის, რომ უარი უთხრეს… ძალიან გაოცებული ვარ, სასულიერო პირებს ყოვეთვის ეხმარებიან ხოლმე…
სხვა რა დაგვრჩენია, ჩვენც, „მეტრონომის“ რედაქცია, გაოცებას გამოვხატავთ. ბერი შიოს ფეხის ოპერაციის დაფინანსებისთვის რაც შეგვიძლია არის ის, რომ მოგაწოდოთ ეს ისტორია, სადაც თქვენთვის მოგვინდვია დასკვნების გამოტანა …
P.S. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოსთან კონტაქტი და კითხვებზე პასუხების მიღება რთული არ არის, რაც დასაფასებელია. აი, როგორი პასუხებია და საჭიროა თუ არა ამ თემაზე სასწრაფოდ მუშაობა, ეს უკვე მკითხველმა შეაფასოს.
მანა ნოდია