ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მის მიერ რუსეთის ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.
მინისტრი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სჯობდა სხვაგვარი ფორმულირებით გაეკეთებინა კომენტარი.
„გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა, გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. მე რა თქმა უნდა, არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო ბოლო პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით, ალბათ სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წინააღმდეგ დღეს, საპროტესტო აქცია გაიმართა. მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის – ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა”.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებაში ხელს უწობს.