ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე შეკრბილთა ნაწილი აცხადებს.

მათი თქმით, ერთ-ერთ გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი. ასევე, დაზიანებები აღენიშნება ორივე თვალის არეში.

შეგახსენებთ, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათი ასაკი დაახლოებით, 17-18 წელია. მათი ინფორმაციით, 4 აგვისტოს, ახალგაზრდები ბათუმში ჩავიდნენ, ხოლო 5 აგვისტოდან მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. დღეს კი საცხოვრებელი სახლის კარი შეანგრიეს, სადაც საშინელი სურათი დახვდათ -თვითმხილველთა განცხადებით გვამები გახრწნილი იყო.

“მეტრონომისთვის” ცნობილი გახდა ახალგაზრდების ვინაობაც, თუმცა ჩვენ მათ შეგნებულად არ ვწერთ.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. ექიმების ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიან გარდაცვლილი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....