თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე პროკურატურას მიმართავს. ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრებს უთვალთვალებენ. ის მზადაა შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურას წარუდგინოს.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მან დიდი ხანია უკვე შეამჩნია, რომ მის შვილს რამდენიმე უცნობი მამაკაცი უთვალთვალებს. მუსტაფაევა თითს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებისკენ იშვერს. იგი დარწმუნებულია, რომ თვალთვალი ბაქოს დავალებით ხდება.
მუსტაფაევას აქვს მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მან პროკურატურას უკვე გადასცა. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, კადრებზე აღბეჭდილი პირები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლების გატაცებამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს უთვალთვალებდნენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თავისი ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, თბილისიდან დაიკარგა და მეორე დღეს აზერბაიჯანის საპყრობილეში აღმოჩნდა.