ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქცია ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ: “მმართველი გუნდი რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებაში ხელს უწყობს”

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის – ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა”.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებაში ხელს უწობს.

„სერგეენკო და საქართველოს მთავრობა უცვლელად იმეორებს ოკუპანტის პოზიციას. ისინი ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაცია საერთოდ არ არის, ხოლო ომის დაწყებაში ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არ უნდა მეტყველებდეს რუსების ენით, არ უნდა მეტყველებდეს ოკუპანტების ენით. ეს არის კიდევ ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომლებიც დაეცნენ საქართველოსათვის,“ – განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას:

“რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“, – განაცხადა მინისტრმა 3 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

იტვირთბა....