ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ ზალიკოს, ელენეს, ალეკოს – გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ “ოცნება”

მივმართავ ზალიკოსაც, ელენესაც, ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ და გამოვალინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი, – ასეთი მიმართვა გააკეთა დღეს ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა. ეს ოთხი პოლიტიკური ძალაა:
“ახალი საქართველო”, “ახალი ერთობა საქართველოსთვის”, “ევროპელი დემოკრატები” და “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.
“ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავხსნათ კარი, ეს უნდა იყოს მართლაც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ყველა ერთად დავიწყებთ, დავივიწყოთ ვიწროპარტიული ინტერესები. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ”ქართული ოცნება”. მივმართავ მერობის ყველა კანდიდატს, ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ. მოდით, პრაიმერის გზით გადავწყვიტოთ ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, ვინ უნდა იყოს საარჩევნო სიაში, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ერთიანი ძალებით დავამარცხოთ ”ქართული ოცნება”. ნუ ავყვებით ”ქართული ოცნების” თამაშს. მათი ინტერესია დაცალკევებული, გათითოკაცებული ოპოზიციური ძალები. ერთიან ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ისევე როგორც საქართველოს გერბზე არის გამოსახული ”ძალა ერთობაშია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“კალაძეპირველ ტურში გაიმარჯვებს თუ მის თამაშს ავყვებით. უნდა გავერთიანდეთ და ამისთვის დრო არის. მივმართავ ზალიკოსაც, მივმართავ ელენესაც, მივმართავ ალეკოსაც, სამივე ღირსეული ადამიანია, გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ალბათ, ჩვენც გვეყოლება კანდიდატი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კახი კალაძის მოწინააღმდეგეები არიან ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია და ალეკო ელისაშვილი. დღეს გაირკვა კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა დავით უსუფაშვილის პარტიიდან.

იტვირთბა....