ახალი ამბები მთავარი სპორტი

სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია: რას უნდა ელოდონ მონაწილეები ღონისძიებისგან

28 ივლისს, თბილისში, სასტუმრო IOTA-ში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციამ საქართველოს მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის SportsWay Tourism პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2017 წლის 28-29 სექტემბერსაა დაგეგმილი.

„მეტრონომი“ დეტალების გასარკვევად საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ ბოქოლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ უფრო დაწვრილებით ისაუბრა:

რატომაა აუცილებელი საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები, ვინ იქნებიან მომხსენებლები და რას უნდა ელოდონ მონაწილეები აღნიშნული კონფერენციისგან, –  ამ და სხვა თემებზე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი, ზურაბ ბოქოლიშვილი საუბრობს:

„მეტრონომი“: მოკლედ გვიამბეთ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის შესახებ. რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რა არის მისი ძირითადი მიმართულება?

ზურაბ ბოქოლიშვილი: საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია შექმნილია სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებათა და საინიციატივო ჯგუფის მიერ. მისი საქმიანობის მიზანს და სფეროებს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტული ტურიზმის განვითარება, სოციალური, მასობრივი სპორტის და ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სპორტის სფეროში საგანმანათლებლო და ბიზნეს კონფერენციების ორგანიზება.

– როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. რა არის აღნიშნული კონფერენციის კონტენტი, ვისი ეგიდით იმართება და რას მოუტანს საქართველოს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება?

– 28-29 სექტემბერს, საქართველოში, კორპორატიული სპორტის ფედერაციის ეგიდით მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. განსახილველი თემები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევასთან – როგორ ვაქციოთ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველ ქვეყნად, გნებავთ, რეგიონალურ ივენთ ჰაბად. ვისაუბრებთ თუ როგორ გავლენას ახდენენ მოვლენები რეგიონის ცნობადობაზე, ეკონომიკაზე; როგორ ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება; როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს, რა მარკეტინგული შემადგენელი აქვთ; როგორ ხდება მათი პრომოუშენი თანამედროვე, ძალიან შეცვლილი კომუნიკაციების პირობებში, და ა.შ

საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები აუცილებელია რამდენიმე კუთხით, – ვიღებთ სხვა ქვეყნების და რეგიონების გამოცდილებას, კიდევ უკეთ ვაცნობთ ჩვენს თავს, იგეგმება ახალი ღონისძიებები. ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს ტრენდების ცვლაზე წვდომა, სპორტული ბიზნესი და ზოგადად, სპორტული ტურიზმი ძალიან დინამიურად ვითარდება, ტრადიციულ, ოლიმპიურ სპორტის სახეობებს უკვე უგებენ ახალი, უფრო სანახოაბაზე, ემოციებზე, ადამიანების შესაძლებლობების პოვნაზე ორიენტირებული სახეობები. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა პოტენციალი რომ ძალიან მალე სპორტული ტურიზმის ავანგარდში ჩავდგეთ.

– ვინ იქნებიან მომხსენებლები და რა თემებს განიხილავენ ისინი? რამდენად მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი საქართველოსთვის?

– სიამაყით მინდა აღვნიშნო რომ უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი სპიკერატი იქნება – ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ისლამური და ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, უდუდესი სპორტული მენეჯმენტის კომპანიების (img, eventica, entersport, blue rock, universal sports) პირველი პირები:  საფრანგეთის უდიდესი ტურისტული ალიანსის 46-2 გენ დირექტორი, ფრედერიკ პერიე, ლუის სილვა, ვლადიმერ ვოლოშინი, იგორ სტოლიაროვი, სტივენ ვორშოუ, იური სტროფილოვი, ელჩინ საფაროვი, რიდ ნოპონენი, ანდრეი დეინეკო, კრისტინა კოლესნიკოვა, კონსტანტინ გარანინი, ვლად ხრუნოვი და სხვები.

მათთან ერთად ისე ვაწყობთ გამოსვლების თემატიკას, რომ ერთ მთლიან კონცეპტუალურ ანსამბლში მოვიყვანოთ-რეგიონის პოტენციალი, ეკონომიკური დაგეგმვა, ბრენდის შექმნა და გამოცდილება, მარეტინგული ანალიზი და განვითარება, პოსტ ტურნირული განვითარება.

– რას უნდა ელოდონ მონაწილეები აღნიშნული კონფერენციისგან?

– უპირველეს ყოვლისა ცოდნას, გამოცდილების გაზიარებას, ახალ კონტაქტებს და შესაძლებლობებს. ადგილობრივი ორგანიზაციების და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს, ხოლო რეგისტრაცია 8 აგვიტოს დაიწყება.

– ვისი მხარდაჭერით იმართება კონფერენცია და კიდევ რას უნდა ველოდოთ მომავალში?

– კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ჩვენი ფედერაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას და უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო მოვლენას ვაანონსებთ: მსოფლიო სიარულის დღე, თემატური გარბენების სერია, სპორტული ბიზნეს დაჯილდოვება  -Sportsway Awards, ტრიატლონის უდიდესი ტურნირი – ironstar, პარასპორტსმენთა კროსფიტ ტურნირი – games of heroes და ბევრი სხვა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....