როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, აშშ-ში სამუშაო ვიზა აქვს. მან ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სამუშაო ვიზას ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის.
“ლეგალური ვიზა მაქვს, სამუშაო ვიზა. ვადა მგონი მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ, მაშინ ავიღე, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ე.წ. მწვანე ბარათს, სააკაშვილის თქმით, მისი აღება შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა.
“შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასევე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა”, – აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.
შეგახსენებთ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.