“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა იკითხება.
როგორც ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მია ზოიძემ განაცხადა, ფირცხალავამ ისაუბრა მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის სასამართლოზე ჩვენების მიცემას აპირებდა.
მია ზოიძე აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტული სახელი და გვარები დაასახელა, ვის საქმეებშიც ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტი, ისე მონაწილეობდა:
”მან დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეებშიც მონაწილეობდა ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტი. ეს ადამიანები ცნობილები არიან, თუმცა მათ სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, დახურული პროცესიდან გამომდინარე. საუბარი იყო იმაზე, თუ რომელი ადამიანები დაიჭირეს ირაკლი მამალაძის ჩართულობით. ასევე, მოწმემ ისაუბრა იმაზეც, რომ ირაკლი მამალაძე ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობისას ფარულად იწერდა თანამშრომლებს, რაც გახდა მისი ამ ტელევიზიიდან გაშვების მიზეზი,”- განაცხდა მია ზოიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეს ამ ფაქტების დამადასტურებელი ჩანაწერებიც აქვს ნანახი.
ზოიძე აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი ფირცხალავას დაკითხვისა არის ის, რომ მან ან დაადასტუროს, ან უარყოს ირაკლი მამალაძის შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, სწორედ ირაკლი ფირცხალავამ გაუგზავნა წერილი ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გამოშვება ”კურიერს”, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე სუს-ის აგენტი-პროვოკატორია.
ავტორი: ნინო ცხადაია