ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღური თავდასხმის დროს კ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ყაჩაღური თავდასხმის დროს გ.გ.-ს მიერ გამოყენებული ნიღაბი.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ.-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ.-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ.გ.-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (ანგარებით განზრახ მკვლელობა; დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ოცი წლის ვადით.