ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დეკანოზის თვალთვალის დროს ვერ დაადასტურეს, რომ მას ვინმემ ციანიდი გადასცა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის შესვენებისას, ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მამალაძის მიმართ თვალთვალთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებების დეტალური გამოკვლევა.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ მამალაძის თვალთვალის დროს არ დასტურდება მისთვის რომელიმე პირის მიერ ციანიდის გადაცემის ფაქტი:

”მამალაძის თვალთვალით მოპოვებული მტკიცებულებიდან ჩანს, რომ ვინმეს მიერ მისთვის ციანიდის მიწოდება  ვერანაირად დაადასტურეს. ასევე, ამ საგამოძიებო მოქმედებისას ყველა მთავარი როლის შემსრულებელი პირის გადაადგილება მთლიანად აღწერილია.  ყველა მოპოვებული მტკიცებულების სამართლებრივი გამოკვლევა მიმდინარეობს”- აღნიშნა ფანცულაიამ.

 

მისი თქმით, პროკურატურას საქმეში დეკანოზის ადვოკატების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აქვს წარდგენილი. ფანცულაია აცხადებს, რომ პროკურატურას აქვს კითხვები – ხომ არ დაურღვევია დაცვის მხარეს მიერ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით საქმის შინაარსობრივი მხარე:

”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საჯაროდ არცერთი დეტალი გამოგვიტანია, რომელიც საქმის მიმდინარეობას ხელს შეუშლიდა”- განმარტა  ფანცულაიამ და დაამატა, რომ პირიქით, პროკურორებს მოეთხოვებოდათ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა.

 

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი ამბობს, რომ დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით ნამდვილად დადასტურდა, რომ ბრალდებული დეკანოზი, ანგარების გზით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, ზვიად გუბელაძის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებების სასამართლოზე წარმოდგენის მიზანი იმის დასტურია, რომ დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები:

 

”აღნიშნულის მიზანი იყო,  მოგვეპოვებინა მტკიცებულებები, რომ დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მოეპოვებინა მათთვის სასურველი მტკიცებულებები და ეს კარგად დასტურდებოდა მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში” – აღნიშნა გუბელაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს იგეგმება აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევაც, რომელიც პროკურატურის ოქროს მოწმის მიერაა ფარულად ჩაწერილი.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....