შსს-მ 14 წლის მოზარდისადმი მუქარისშემცველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა „პროვოკატორის“ სახელით, რომლის ავტორი კონკურენტი ბლოგერის ცემასა და მოკვლაზე 500 დოლარს აწესებს, თანხას კი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ შემსრულებელი ამ პროცესის ვიდეოს გადაიღებს და სოციალურ ქსელში ატვირთავს. დაპირისპირების მიზეზი, ბლოგერის თქმით, კონკურენტის მიერ მისი ვიდეოების წაშლა გახდა.