აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ბრეგაძე არის სუს-ის აგენტი“: ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ პრემიერმა კონსტიტუცია შეურაცხყო

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ლევან ბერძენიშვილთან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ, 23 ივლისს სოფელ სნოში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოში სეკულარიზმი კლასიკური გაგებით უადგილოა, კრიტიკის საგანი გახდა. „მეტრონომთან“ საუბარში „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშივილი ამბობს, რომ ეს კონსტიტუციის შეურაცხყოფა და რელიგიური პოპულიზმია, რომელიც პრემიერმა პატრიარქის საამებლად განაცხადა.

ბერძენიშვილი პრემიერის ამ სიტყვებში საგანგაშო ტენდენციას ხედავს.  მისი აზრით,  თუ „ქართული ოცნება“ ამ გზას გააგრძელებს, ქვეყანა არჩეული ევროპული რელსებიდან გადავა.

მას მიაჩნია, რომ პრემიერის ამ სკანდალური განცხადების მიღმა, რუსულ გავლენა ჩანს. ის პარალელებს რუსეთის საპატრიარქოსა და მმართველი პოლიტელიტის მჭიდრო კავშირებზე ავლებს და ფიქრობს, რომ პრემიერს საქართველო ამ გზით მიჰყავს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ რუსული მოდელის გადმოღებით საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პრემიერმა სიტყვა სეკულრიზმის განმარტება შეცდომით იცის და თავადაც ვერ მიხვდა, რა თქვა სოფელ სნოში. ბერძენიშვილი დასძენს, რომ სიტყვა კლასიკური სეკულარიზმი ბუნებაში არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, საერო და სასულიერო ხელისუფლების უფლებები მკაცრად გამიჯნულია. ეს ეწერა ჯერ კიდევ ქვეყნის პირველ, 1921 წლის კონსტიტუციაში. იგივე წერია დღესაც ქვეყნის მთავარ კანონში, თუმცა ვითარება რადიკალურად პრემიერის განცხადების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობა და ეკლესია ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით ქვეყანაში უადგილოა, – ამის შესახებ  გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ სნოში სასტუმროს გახსნისას განაცხადა, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა.

„მეტრონომი“: პრემიერის განცხადების შემდეგ, არსებობს თუ არა შესაძლებლოობა, რომ კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილება მოხდეს. როგორი სეკულარული მმართველობა შეიძლება შემოგვთვაზოს ხელისუფლებამ?

ლევან ბერძენიშვილი: პრემიერ მინისტრმა სოფელ სნოში ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ პატრიარქისთვის ესიამოვნებინა. არანაირი სეკულარიზმის წინააღმდეგ ომში შემსვლელი ეს ხელისუფლება არ არის. ეს წარმოუდგენელია… საქართველო ისეთ გარემოშია და ვითარებაშია, რომ ახლა ასეთი ფუნდამენტური ცვლილება, მთავრობას, რომელსაც დროშა ვერ დაუკიდია, არ შეუძლია.

ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ქლესაობა, რაც კონსტიტუციის შეურაცხყოფაა და რელიგიური პოპულიზმი. ეს კი მთავრობის მეთაურისგან უდიდესი სირცხვილია, უვიცობასთან ერთადაც. ყველაფერთან ერთად, კვირიკაშვილი ტერმინის მნიშვნელობაში ვერ ერკვევა. მან ახსენა სიტყვა კლასიკური გაგებით სეკულარიზმი. სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი განმარტება.

სეკულარიზმის ქართული და ჩინური განმარტება რას ნიშნავს ვინმეს შეუძლია ახსნას? ეს ხომ ძალიან სამარცხვინოა. ფაშიზმს შეიძლება რაიმე სხვა დამატება ჰქონდეს? შეიძლება ფაშიზმი კლასიკური ან არაკლასიკური იყოს? ამ თვალსაზრისით, პრემიერმა დაბალი კვალიფიკაცია აჩვენა. სხვა საკითხების გადაწყვეტა არ შეუძლია და საზოგადოების თვალის ასახვევად ასეთი თემები შემოაქვთ. ხელისუფლების ასეთი მმართველები გვეყოლება მანამდე, სანამ მათ ვიღაც თავზე დაგვასვამს.

– ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ პრემიერს სიტუაცია რუსული სცენარისკენ მიჰყავს, სადაც რუსეთის საპატრიარქოსა და მმართველი პოლიტელიტის მჭიდრო კავშირები არსებობს. კვირიკაშვილის ეს განცხადება შეიძლება ამ კონტექსტშიც განვიხილოთ?

– ეს არის რუსული საუბარი, სადაც ევროპა უღმერთო ქვეყნებად არის წარმოჩენილი. „ქართული ოცნება“ თუ ამ მიმართულებით წავა, საფრთხე თავად ეკლესიის დამოუკიდებლობას დაემუქრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის ვალდებული, რომ ასეთი ცვლილება კონსტიტუციაში შემოიტანოს.

არც პარლამენტია ამ საქმეშ უფლებამოსილი ორგანო, რადგანაც ეს ფუნდამენტური საკითხია. ეს არის ისეთივე უაზრო საუბრი, როგორც რამდენიმე კვირის წინ, მეფის და სამეფო ოჯახის აღდგენაზე გაკეთდა იგივე არაადეკვატური განცხადებები.

ასეთი უაზრო თემების შემოგდებით, ხელისუფლება ცდილობს წამისმიერი საკითხების გადაჭრას და მას რა მოჰყვება სულ არ ადერდებთ. ასეთი ცვლილებების განხორციელება ამ უსუსურ ხელისუფლებას კი არა, მთელმა საქართველოს მოსახლეობამ რომ მოინდომოს მაინც არ მოხდება.

ახლა ქვეყანა ისეთი ორგანიზაციების წევრია და ხელშეკრულებები გვაქვს დადებული, რომ ეს ბუნებაში თეორიულადაც კი დაუშვებელია. ამიტომ ეს არის ცარიელი საუბარი, რაც პრემიერის ავტორიტეტს კიდევ უფრო ლახავს.

– საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სასულიერო პირთა საკანონმდებლო ორგანოში დასაქმება უნდა მოხდეს. მაგალითად კი  ინგლისი მოჰყავთ, სადაც  პარლამენტში დედოფალს აქვს გამოყოფილი რამდენიმე ფრაქცია. ამ ფრაქციის ყველა წევრი სასულიერო პირები არიან…

– ეს არის სრული აბსურდი. ჯერ ერთი, რომ ჩვენი კონსტიტუციით ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნულია. მეორეც ერთი, ინგლისის პარლამენტში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები არიან და არაერთი რელიგიის სასულიერო პირები.

– ოპოზიციის წვერები აცხადებენ, რომ პრემიერის განცხადება და „ქართული მარშის“ წევრების ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა. გაჩნდა მოსაზრებები, რომ ხელისუფლება შესაძლოა ამ ჯგუფისგან გარკვეული სახის ზეგავლენას განიცდიდეს. ეს რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

– „ქართული მარშის“ წევრები ხელისუფლების მექანიკური ფორთოხლები არიან. სუს-ი ამ ადამიანებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ბრეგაძე არის სუს-ის აგენტი, რომელსაც ხელისუფლება მართავს. მას რასაც დაავალებენ იმას აკეთებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამაინები ხან პატრიარქის და ხან პრემიერის გვერდით ჩნდებიან.

შეგახსენებთ, სეკულარობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოსა და რელიგიის ინსტიტუციურ ურთიერთგამიჯვნასა და რელიგიური ჯგუფებისადმი სახელმწიფოს ნეიტრალურ დამოკიდებულებას.

დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოში სეკულარობა რელიგიური ნეიტრალიტეტის, შემწყნარებლობის, მრავალკონფესიური საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი წინაპირობაა.

ამ სულისკვეთებას საქართველოს კონსტიტუციაც იზიარებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. ეს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს, განუყოფელ, ტრადიციულ ნაწილს წარმოადგენს.

2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას. აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ეკლესიის “ისტორიული როლი”, არ გამორიცხავს სეკულარობის პრინციპის დაცვას.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებულების მოდელს ადგენდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია (1921წ.), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ეკლესია აბსოლუტურად განცალკევებულნი და დამოუკიდებულები იყვნენ ერთმანეთისგან და არც ერთ სარწმუნოებას არ გააჩნდა რაიმე უპირატესობა.

ამავე კონსტიტუციის თანახმად, რაიმე სახის რესურსის გაღება სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმართველობათა ხაზინიდან, რელიგიური მიზნებისთვის, მკაცრად იყო აკრძალული.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....