უკრაინული გამოცემა nv.ua მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მისთვის მოქალაქეობის გაუქმებამდეა ჩაწერილი. გამოცემის კითხვაზე, რას აპირებს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სააკაშვილი პასუხობს, რომ დარჩება კიევში და, შესაძლოა, იქ სახლიც იყიდოს.
„არც არაფერს. ვიჯდები აქ, კიევში. პრობლემა არაა. ვიჯდები კიევში მოქალაქოების გარეშე. მე ახლა აქ, შორიახლოს ვცხოვრობ. ვნახოთ, იქნებ რაიმე პატარა ბინა აქ ვიყიდო. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ბინა გავყიდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი მაიდანთან ახლოს ქირით ცხოვრობს, საიდანაც შემოდგომში გადასვლას აპირებს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო.