სეკულარიზმის შესახებ პრემიერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკა გამოიწვია, ირაკლი კობახიძე პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო სეკულაური სახელმწიფოა, ხოლო რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, “გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს”
„ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ სეკულარიზმთან დაკავშირებით. პრემიერმა გააკეთა ამაზე განცხადება. საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგებულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, გაუგებარია. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ბუნებრივია, ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა.