საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი მანდატის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მოაწერეს.
საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეორე დღეა იმყოფება. ისინი ქვეყანას ხვალ დატოვებენ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი ჰააგაში მდებარეობს. სასამართლომ ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო და მის კომპეტენციაშია იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
მაისში სახალხო დამცველმა თბილიში ჰააგის სასამართლოს ოფისის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიზანი მოსახლეობისთვის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობისა და 2008 წლის ომის გამოძიების მიმდინარეობაზე სწორი მოლოდინის შექმნაა.