ახალი ამბები მთავარი სამართალი

საოკუპაციო ხაზთან დღეს სამოქალაქო პატრულირება იწყება

საოკუპაციო ხაზთან დღეს სამოქალაქო პატრულირება იწყება.  აქციის ერთადერთი ორგანიზატორი ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაა. მისი თქმით, მოქალაქეების გატაცებისა და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად აქტივისტები 24 საათიან მორიგეობას იწყებენ. საოკუპაციო ზოლთან სამკაციანი ჯგუფები იმუშავებენ.  ქაცარავას განცხადებით, დეტალები შეთანხმებულია სამართალდამცველებთან. ამ ეტაპზე აქტივისტები ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთს გააკონტროლებენ.

„ჩვენ ვიპატრულირებთ საზღვართან ძალიან ახლოს. ჩვენ შეთანხმებული გვაქვს და კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან. რისკის ფაქტორი ბუნებრივია არსებობს, ვინაიდან რუსი ოკუპანტები არ ერიდებიან არცერთ ხერხს, იმისათვის რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გაიტაცონ მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაბამისად ჩვენც ალბათ მათ რიცხვში მოგვიაზრებენ, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ჯგუფები ავარიდოთ ამ საფრთხეებს“,-განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.

მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.

სოფელ ყარაფილაში გადმოწეულ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოყოლილია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს მკაცრ შეფასებას აძლევს. ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეცდებიან, რომ პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს.

იტვირთბა....