გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, სოფელ ბერშუეთის მცხოვრებელი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მცხოვრები ლევან ტურაშვილი სოფლის განაპირას სამების სახელობის ეკლესიის მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ დაკავებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე აცხადებს, რომ სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული სოფლების მოსახლეობა ჩვეულებრივ გადაადგილდება და ამ ტერიტორიაზე დაკავება არ უნდა მომხდარიყო. მისივე განცხადებით, ტურაშვილს და ბერიანიძეს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.
გატაცებულების ოჯახებს ჯერ არავინ დაკავშირებია.