19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის, 22 წლის რობერტ ახალაიას ოჯახის ახლობელი ყვება, რომ როდესაც მკვლელობის შემდეგ ბრალდებული ფოთში ჩავიდა, თავის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ ადამიანი შემოაკვდა. მისი თქმით, ამ ამბის გაგების შემდეგ ახალაიას მამამ პოლიციას განუცხადა, რომ თავისი შვილი აღარ აინტერესებდა. ~
“რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. მამიდები ძმისშვილებს თავს ევლებოდნენ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო და ყველა ერთად ცხოვრობდა. რობერტი სკოლაშიც გამორჩეული იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ერთ მამიდას თბილისში დაგირავებული აქვს ბინა და რობერტმა სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წაიყვანა. ანაც თავისთან ჰყავდა. ანას და რობერტს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა ანა მოეკლა?! რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურე და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო, – ამბობს.
ფსიქიკურ პრობლემებს რაც შეეხება, არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. ფოთში რომ ჩამოვიდა, სხვა ნომრიდან დაურეკავს ძმისთვის, კაცი შემომაკვდა, ზღვაზე ვარ და მნახეო. როგორც ამბობენ, მამამისმა დარეკა პოლიციაში. უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო. მამამისს უთქვამს პოლიციისთვის, თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო”- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
ბრალდებულის ადვოკატი ოლღა გეჯაძე კი ამბობს: “ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რობერტს ყველა კარგად ახასიათებს და ცოტა უცნაურია, რომ ეს დანაშაული ჩაედინა. პროკურატურა ამბობს, სექსუალური ძალადობა და ძალადობის მცდელობას არ ყოფილაო, ეს გამორიცხეთ…”
შეგახსენებთ, რობერტ ახალაია 19 წლის გოგონას ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლული მისი მამიდაშვილი იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.