პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი სამუშაო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსებმა, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა და საბურთალოს გამგებელმა პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ორგანიზების საკითხებზე, ასევე, სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო.
„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ვადევნებთ თვალყურს სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობას გადავრთავთ მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება.
რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობას, თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.