მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევით დადასტურდა, რომ ქართული ბაზრის დახლებზე წარმოდგენილ პროდუქტში ნიტრატების დონე საშიშ ზღვარზეა. განსაკუთრებით საშიშია საზამთრო, რომელშიც ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. დაახლოებით ამდენივეა შხამქიმიკატის რაოდენობა ვაშლატამაში. რაც შეეხება ბოსტნეულს, ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით პომიდორს უკავშირდება, ხოლო კარტოფილსა და ხახვში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ეტიკმა” განახორციელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გასაძლიერებელია.
“იმპორტული და ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული ნიტრატებით არის გაჯერებული, განსაკუთრებით საზამთრო და ვაშლატამა, რომლებიც მასობრივად სხვადასხვა სახის ნიტრატს საშიში დოზით შეიცავს. როდესაც ჩავატარეთ კვლევა და ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების დონე გავარკვიეთ (დასაშვებზე 3-ჯერ მეტი), სასწრაფოდ მივმართეთ საავადმყოფოებს, რათა გაგვერკვია, არის თუ არა მოწამვლის ფაქტები. სიმართლე გითხრათ, გავოგნდით, როცა შევიტყვეთ, რომ მიმდინარე პერიოდში მსგავსი შემთხვევები ნაკლებადაა. ჩემი აზრით, ადამიანები თვითნებურად მკურნალობენ. სანამ ძალიან ცუდად არ გახდება, ექიმთან არავინ მიდის.
სამომხმარებლო ბაზრებზე რეალობა ძალიან მძიმეა. როგორც წესი, ნიტრატებიანი პროდუქტი ძალიან მალე ლპება და მოვაჭრეებიც ხილის სწრაფად ამოყიდვასა და თავიდან მოშორებას ცდილობენ. თუკი ბუნებრივად პროდუქტის დამწიფებას 1 კვირა სჭირდება, სპეციალური ქიმიკატების საშუალებით 2 დღეში ამწიფებენ. ჩვენ მიერ გამოკვეული ხილ-ბოსტნეულიდან ნიტრატების გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა საზამთროში, ვაშლატამაში, ატამსა და პომიდორში. ხახვი და კარტოფილი ამ თვალსაზრისით შედარებით უსაფრთხოა. ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს, საზამთრო და ვაშლატამა ქიმიკატებით არის გაჯერებული. წინა კვირას ქუთაისსა და გარდაბნის რაიონში შევამოწმეთ პროდუქტი. აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა,” – აცხადებს შენგელია “რეზონანსთან”.