“აზერბაიჯანის ჟურნალისტიკა ვითარდება და საზოგადოებაში ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს. აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია ყველა თავისუფლება, მათ შორის სიტყვის”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გახსნის ცერემონიის დროს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ჟურნალისტთა 17 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 255 ბინაა.
აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარემ აფლატუნ ამაშოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მედიის წარმომადგენლების მიმართ “ყურადღებისა და ზრუნვისთვის” მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადასცა პრემია – “ჟურნალისტთა მეგობარი”.
ჟურნალისტთა მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ, ალიევმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მესამე კორპუსის მშენებლობასაც ჩაუყარა საფუძველი. ის აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ათასობით მედია ორგანიზაცია არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას აშუქებს და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.