ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: სოსო ოხანაშვილი დაკითხვაზე უარს ამბობს

“მეტრონომი” სასამართლოდან

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი გერმანიაშია, ის საქართველოში ჩამოსვლაზე და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მზად იყო დაეკითხა სოსო ოხანაშვილი. მასთან ვცდილობდით დაკავშირებას მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზეც, მაგრამ მიუწვდომელი იყო. შემდეგ დავუკავშირდით მის ოჯახის წევრებს. მათ განაცხადეს, რომ ის არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და არც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისი თქმით, დაცვის მხარე ამბობს, რომ ისინი ერთი კვირის განმავლობაში შეეცდებიან მის ჩამოყვანას და სასამართლოში წარდგენას.

”ოხანაშვილი არის როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მოწმე, რომელიც ფლობს გარკვეულ ინფორმაციას”- აღნიშნა გუბელაძემ.

პროკურორი ამბობს, რომ თუ დაცვის მხარემ არ უზრუნველყო ოხანაშვილის საქართველოში ჩამოყვანა და სასამართლოს წინაშე წარდგენა, ბრალდების მხარეს აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა, გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

დეკანოზის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, პირველ რიგში დაცვის მხარე ეცდება სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებას. მისი თქმით, პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსი საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელივანი მოწმეა და მისი ჩვენება პროცესზე გავლენას მოახდენს. რამიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა პროკურატურა განგებ არ ცდილობს ოხანაშვილის დაკითხვას, რადგან მათთვის ის არასასურველი მოწმეა.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....