ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარიაში დაშავებული მშობელი დეტალებს იხსენებს: რა მოხდა თურქეთში

თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მაია ებრალიძე, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს.  მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ ბავშვებს გადაეღობა, რომ ავტობუსის ფანჯრიდან არ გადავარდნილიყვნენ, რა დროსაც ფანჯარაში ფეხი მოჰყვა, ვარდნის შემდეგ კი ფეხზე ავტობუსი დაეცა.

“ავარიის დროს ყველას ეძინა, მე გამეღვიძა მაშინ, როცა ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო და მინდორზე მიხოხავდა. ერთადერთი, რაც შევძელი, ავტობუსის სალონისკენ სახით შევბრუნდი, რადგან ჩემი შვილი გვერდით მეჯდა და ბავშვებს გადავეღობე, რომ არ გავარდნილიყვნენ ფანჯრიდან… ერთადერთი ეს მოვიაზრე იმ მომენტში… საბედნიეროდ 26-ვე ბავშვი არის ჯანმრთელად და არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გონება არც ერთი წამით არ დამიკარგავს. სასწრაფო დახმარების მანქანები ძალიან მალე მოვიდნენ, მაგრამ ჩემი გამოყვანა გაჭირდა – ფეხი ავტობუსის ქვეშ მქონდა მოყოლილი, საჭირო გახდა სპეციალური აპარატით ავტობუსის ნაწილების გადახერხვა, რომ გამოვეყვანე… სხვა არანაირი შეფერხება არ ყოფილა, პირიქით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც თურქეთის, ასე საქართველოს მხარეს. ასევე თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც ავარიის შემდეგ გვეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ,” – განაცხადა მაია ებრალიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაია ებრალიძე სტაბილურადაა და საავადმყოფოში ერთ კვირას დარჩება.

“ფეხის ამპუტაციის გარდა, სხვა არანაირი სახის დაზიანება არ მაქვს. რადგან ფანჯრის მხარეს ვიჯექი, ვარდნა არ განმიცდია, ზუსტად ჩემ მხარეს გადაბრუნდა ავტობუსი და ბავშვები დავიჭირე… მე არაფერს დავჯახებივარ, ფეხი მომყვა გარეთ ფანჯრიდან და შემდეგ ავტობუსი დამეცა ზევიდან. სხვა არაფერი ტრავმა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ფეხი ვერ შემინარჩუნეს, სამწუხაროდ…” – აღნიშნა მაია ებრალიძემ.

16 ივლისს, თურქეთში ავარიისას ასაბავშვო ანსამბლ “ლამპრების” წევრები დაშავდნენ.  ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

იტვირთბა....