ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი 50-მა თანამშრომელმა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს წევრის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით,  ამ ეტაპზე არხი 50-მა თანამშრომელმა დატოვა. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ. დღეს გახდა ცნობილი, რომ არხზე 42 გადაცემა დაიხურა და მაუწყებელზე მხოლოდ საინფორმაცია გადაცემა “მოამბე” გავა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, სულხან სალაძეს აინტერესებს, აღნიშნული გადაცემების მოხსნის შემდეგ, რა მასალით შეივსება ეთერი.

„დღეს მაუწყებლის დებულების ახალი რედაქცია შედის ძალაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რა ცვლილებები იქნება მაუწყებელში, უახლოესი დღეების განმავლობაში, რა პროცესებს უნდა ველოდეთ. გარდა ამისა, რა გავლენას მოახდენს ეს დებულების ძალაში შესვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს დასაქმებულ თანამშრომლებზე და რა გადაადგილებები მოჰყვება,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, თინათინ ბერძენიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, 50 თანამშრომელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება მოუწია. მისი თქმით, ზოგ თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ზოგი კი სხვა პროექტებზე სამუშაოდ გადავიდა.

„დაახლოებით 50-მა ადამიანმა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი, აქედან ნახევარი ნახევარზე შეგვიძლია გავყოთ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. ხოლო დანარჩენი ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად პროექტებზე იყვნენ,  მოუწიათ დიდწილად სხვა პროექტზე გადასვლა, ზოგს კი, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება,“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ახალი საეთერო სეზონის დაწყების დროზე მსჯელობენ. შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი საეთერო სეზონი შემოდგომის ნაცვლად, იანვრიდან დაიწყოს. დღესვე გახდება ცნობილი, გათავისუფლდებიან თუ არა სხვა თანამშრომლებიც.

იტვირთბა....