თბილისში დაკავებული 42 წლის მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ერთი კვირის წინ შს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. არსებული ინფორმაციით გ.ვ. ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. „პრაიმტაიმმა“ შეიტყო, რომ საქმეში დევს მტკიცებულებები, მათ შორის მობილური შეტყობინებები, რის მეშვეობითაც ბრალდებული არასრულწლოვან ბიჭებს ურეკავდა ან სწერდა და მათ სექსუალურ კავშირს სთავაზობდა. გ.ვ.-ს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნების გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებებში.
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა. ერთ-ერთი ბოლო ადვოკატი, რომელიც გ.ვ.-ს საქმეში ჩაერთო, ლალი ბიბილეიშვილია. ის „პრაიმტაიმთან“ ვრცელ კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა გვიდასტურებს, რომ გ.ვ.-ს საქმეს გაეცნო და მის დაცვაზე ისიც უარს აცხადებს. სავარაუდოდ, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, ბოლო წლების ერთ-ერთი უმძიმესი და მასშტაბური სექსუალური დანაშაულის დეტალები „პრაიმტაიმისთვის“ რამდენიმე წყაროდან გახდა ცნობილი. ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელსაც საქმის მასალებთან შეხება ჰქონდა, აცხადებს, რომ გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს 15-მდე მოზარდი, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებთანაც დაკავებულს სექსუალური კავშირი ჰქონდა. ასევე, ამოღებულია 30-ზე მეტი სატელეფონო კავშირი სავარაუდო მსხვერპლებთან, თუმცა დაკავებული გ.ვ. ირწმუნება, რომ მას 100-ზე მეტ მოზარდ ბიჭთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. რომელთა ასაკიც 14-დან 16 წლამდეა. „პრაიმტაიმმა“ ეს ინფორმაცია ადვოკატ ლალი ბიბილეიშვილთან გადაამოწმა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც დაკავებულის საქმეს ბოლოს გაეცნო.
– ქ-ნო ლალი, გ.ვ.-ს საქმეზე გვსურს თქვენი ჩაწერა…
– მე გუშინწინ დავამთავრე მოღვაწეობა მაგ საქმეზე.
– გასაგებია, მაგრამ გვსურს, გარკვეული დეტალები დავაზუსტოთ?
– არა, აღარ ვარ მაგ საქმეში. ჰკითხეთ გამომძიებელს.
– ვიცით, რომ ბრალდებული 42 წლის არის და 100-ზე მეტ მოზარდთან აღიარებს სექსუალურ კავშირს…
– კი, ბატონო, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რა, არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.
როგორ მოქმედებდა დამნაშავე, ვინ იყო მისი სამიზნე და როგორ მოახერხა 100-ზე მეტ მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარება, ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების გარეშე, რადგან მის წინააღმდეგ სამართალდამცველებისთვის არცერთ სექსუალურ მსხვერპლს ამ დრომდე არ მიუმართავს? „პრაიმტაიმისთვის“ არაოფიციალურად ხდება ცნობილი საქმის დეტალები. კერძოდ, 42 წლის მამაკაცი დანაშაულს ძირითადად თბილისის სხვადასხვა უბნებში სჩადიოდა. მისი სამიზნე სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ. ის არასრულწლოვან მოზარდებს უახლოვდებოდა და მათ ფულისა და ფასიანი საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა. ბავშვებთან სექსუალურ აქტს ის სკვერებში, სადარბაზოებსა და ლიფტებში ამყარებდა. მსხვერპლთა უმრავლესობასთან კი კავშირს არ წყვეტდა და მათთან პერიოდულად ამყარებდა გაუკუღმართებული და ორალური გზით სექსუალურ აქტს. ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთი ასეთი ისტორია, რომელიც საქმის მასალებში დევს. 42 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ კომუნალური გადასახადები დაუფარა მსხვერპლს. საუბარია 15 წლის მოზარდ ბიჭზე, რომელმაც ამ შემოთავაზების სანაცვლოდ პედოფილს სექსუალური მომსახურება გაუწია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია შემაშფოთებელი ფაქტები და ამ დრომდე მიმდინარეობს იმ მოზარდების იდენტიფიცირება, რომლებთანაც პედოფილიაში ბრალდებულს სხვადასხვა დროს ჰქონდა კავშირი. საუბარია 14-დან 16 წლამდე ბიჭებზე. შემთხვევები იმდენად მძიმეა, რომ მისი გასაჯაროება, სავარაუდოდ, არ მოხდება და სასამართლო პროცესებიც დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგანაც საქმეში არასრულწლოვანი ბავშვები ფიგურირებენ. რაც შეეხება გ.ვ.-ს ფსიქიკურ მდგომარეობას, არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული 14 წლის ასაკიდან ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღრიცხვაზეა აყვანილი. მას, სავარაუდოდ, განმეორებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. თუმცა საეჭვოა ერთი დეტალი – თუ ბრალდებული შეურაცხადი იყო, როგორ ახერხებდა, ასე ფრთხილად ემოქმედა. ასევე, საინტერესოა, რატომ გახდნენ დამნაშავის სამიზნე კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიისა და კონკრეტული სოციალური ფენის მოზარდები. „პრაიმტაიმისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავდა თუ არა თანამზრახველი დაკავებულს. რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდებსა და მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას, მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწევათ სარეაბილიტაციო კურსი. დაზარალებულ მოზარდებთან ფსიქოლოგთა ჯგუფები იმუშავებენ. „პრაიმტაიმი“ მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ამ უმძიმეს საქმეს და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც შსს-ში განგვიმარტეს, აღნიშნული პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით.
ავტორი: რატი მაისურაძე
Primetime.ge