დღეიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ საინფორმაციო გადაცემა “მოამბე” გავა. არხზე ერთდროულად 42 გადაცემა დაიხურა. რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ეთერში გასვლას ახალი სეზონიდან ან კონკრეტულად როდის გაიხსნება სეზონი, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე დღეს სამეურვეო საბჭო სამუშაო სხდომაზე იმსჯელებს.
ამ დროისთვის ბორდს კონკურსის წესით უკვე შერჩეული აქვს 9 გადაცემა. ყველა მათგანი სოციალურ და კულტურულ თემატიკას ეხება და არც ერთი მათგანი პოლიტიკური არ იქნება. შერჩევის პროცესში გაჩენილ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ ბორდის კრიტიკულად განწყობილი წევრები.
„კითხვის ნიშნები არსებობს, მე ამიტომაც ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ამ კითხვების ნაწილზე მივიღო პასუხი. რომელი გადაცემები იქნება წარმოდგენილი, როგორ შეასრულებს პროგრამების არსებობის ვალდებულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლოეს ეთერში არ არის გათვალისწინებული სავარაუდოდ, რომ ჩვენ ვიხილოთ გადაცემა, რომელიც დაკავშირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის გადაცემის არსებობა, პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონით,“ – აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე.