ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” ქორეოგრაფი ავარიის დეტალებს იხსენებს

ტრაბზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ანსამბლ “ლამპრების” ქორეოგრაფი აცხადებს, რომ არ იცის ზუსტად რა მოხდა. თუმცა, იხსენებს მძღოლის ნათქვამს, რომ მას სხვამ გადაუჭრა გზა.

“საშინელი ტორმუზის ხმა იყო. მერე უკვე გარეთ აღმოვჩნდი. რომ გადმომიყვანეს ავტობუსიდან, რამოდენიმე ადამიანი ვიყავით, სულ 6 უფროსი ვახლდით. ჩვენ ნორმალურად მივდიოდით გზაზე. როცა აზრზე მოვედი, უკვე საავადმყოფოში მივყავდით და ასე მითხრეს, მძღოლი ყვიროდა, გზა გადმომიჭრაო. რეალურად რა მოხდა, არ ვიცი”- ამბობს “რუსთავი 2”-თან ქორეოგრაფი.

38 დაშავებული, რომელთა უმეტესობაც 9-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვები არიან, ოთხ კლინიკაში მკურნალობენ. ბავშები, ამ ეტაპზე ტრაბზონის საკონსულოში იმყოფებიან და, სავარაუდოდ, ტრაბზონს დღეს დატოვებენ და საქართველოში დაბრუნდებიან.

დაშავებული მშობლის განცხადებით, ის მძღოლის ჩაძინების ვერსიას გამორიცხავს და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ფაქტის გამოძიების იმედი აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდება, ბავშვების საქართველოში დროულად დასაბრუნებლად.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც „ერისიონთან“ არსებული ცეკვის ანსამბლი “ლამპრები” ბულგარეთში გადაჰყავდა, გამთენიისას გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა.

იტვირთბა....