ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

დღეს, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეასრულა. ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობის ახალი ბანის საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა გადმოვიდეს ამას ტაძარსა ზედა. ყოველი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, სთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას“,- განაცხადა პატრიარქმა.

პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე – საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

“დღევანდელი დღე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი”, – მიმართა პრემიერმა მშენებლობის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ხაშური-სურამის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

კომპლექსში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზები, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა. პროექტი, რომლის ავტორი სურამისა და ხაშურის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ბანა ტაო-კლარჯეთში VII საუკუნეში ააშენეს.

იტვირთბა....