ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირმა ჭკადუა: ოთარ აბესაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს  პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ საკმაოდ ცუდად იმყოფებოდა, დღეს ის არ მინახავს”,- ამის შესახებ მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჭკადუა ამბობს, რომ მან საქმის მასალები ახლა ჩაიბარა.

“ახლა ჩავიბარე საქმის მასალები, ჯერ არ გავცნობილვარ, საკმაოდ მოცულობითია, გავეცნობი და შემდგომ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბრალს, ამ წუთისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის რომელ საათზე წარედგინება, რადგან გამოძიებას დრო აქვს ღამის ათ საათამდე.

მე გადმომეცა სამი დისკი, აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცი მასზე რა არის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ აუდიო ან ვიდეო.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს  პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ საქმაოდ ცუდად იმყოფებოდა, დღეს ის არ მინახავს, საქმის მასალები ჩავიბარე და ბრალის წარდგენის დროს ვნახავ“ – აღნიშნა ჭკადუამ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აბესაძისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ,  ბრალს ვერ აღიარებდა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

სუს-ის ცნობით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მასთან და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....