აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რუსების მთავარი მიზანი ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა“

„მეტრონომთან“ ექსპერტები ისევ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაზე ალაპარაკდნენ

ე.წ. მცოცავი ოკუპაციის პრობლემა ხელისუფლების დილემად რჩება, რომელიც ყოველდღე სულ უფრო რთული გადასაჭრელი ხდება. ბრძოლით და „დუმილით“ დაკარგული ქართული ტერიტორიები – ასე აფასებენ ე.წ. ბორდერიზაციას „მეტრონომთან“ ექსპერტები. მათი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლლების დროს რუსებმა ტერიტორიები ომის შედეგად წაგვართვეს, ხოლო ამ ხელისუფლების პირობებში დუმილით და იმ ნეიტრალური პოლიტიკით ვკარგავთ, რომელსაც საქართველო რუსეთთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრის წინ, სოფელ ორჭოსანთან, ახალი „სასაზღვრო ბანერი“ დაიდგა, რომელიც ბაქო-თბილისი-ქუთაისი-ფოთის „სტრატეგიულ ავტომაგისტრალთან“, ძალიან ახლოსაა. ადგილობრივების თქმით, ჩვეულებრივ ადამიანსაც იოლად შეუძლია მისი შემჩნევა ავტომაგისტრალზე მოძრაობისას.

შიდა ქართლში რუსული მცოცავი ოკუპაციის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი, სოფელ ბერშუეთის შემდეგ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ქართულ სოფელში გაუყოფს ადგილობრივებს საკუთარ სახნავ-სათეს მიწებსა და ბაღებს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მხრიდან უკვე დაანონსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის, ცერონისისა და თამარაშენის მიწების მიტაცება.

ასევე საუბარია დაბა ყორნისის მიმართულებაზეც და ამ მავთულხლართებსა და მწვანე ბანერების აღმართვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინი “პროცესის ნორმალურ განვითარებად” აფასებს და პირიქით, უკმაყოფილოა იმ ქართველებით, ვინც ე.წ. საზღვართან ამ ბანერებს აპროტესტებენ.

მისი თქმით, პრაღის შეხვედრამდე გარკვეული ძალები სპეციალურად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ისინი, ვინც “რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგნი არიან” და ამიტომ ე.წ. საზღვარზე აქციებს აწყობენ.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობას ეხება და ამ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეკითხვები ჟენევის ფორმატში უნდა დაისვას და არა – პრაღის შეხვედრებზე.

თავის მხრივ კარასინთან შეხვედრის შემდეგ,ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის კიდევ გადმოწევა უახლოვეს პერიოდში გამორიცხული არ არის.

„მეტრონომთან“ ექსპერტები ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არსებობს საფრთხე, რომ დასავლეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა მოხდეს. ამიტომ ხელისუფლებას სასწრაფოდ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და 2008 წლის 12 აგვისტოს, სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვისკენ მოუწოდებენ.

russians

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ რუსეთმა პიარის თვალსაზრისით დასახულ მიზანს მიაღწია, რათა ქართულ საზოგადოებაში ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით მუდმივი დაძაბულობა და აჟიოტაჟი იყოს. არეშიძის თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ არ დაიწყო რუსეთმა საზღვრის გადმოწევა 2010 წელს.

ექსპერტის განცხადებით, ამას რუსეთი ნელ-ნელა და ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების წინ აკეთებს. არეშიძე ფიქრობს, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის წინ საზღვრის კიდევ გადმოწევა უბრალო დამთხვევა არ არის და რუსეთი ამას ყოველთვის მიზანმიმართულად ახორციელებს, რადგან პუტინი ამით საკუთარი ძალის ჩვენებას ცდილობს.

„რუსეთთან ზომიერმა პოლიტიკამ ომის საფრთხე მართალია შეამცირა, მაგრამ, მეორეს მხრივ ასეთი პოლიტიკის მუდმივობა არ ვარგა. ზომიერი მოქმედების ერთი ეტაპი დასრულდა. ახლა, უფრო მკაცრი ქმედებები და განცხადებებია საჭირო. იმის გაკეთება მაინც, რომ გარკვეული ოქროს შუალედი არსებობდეს. ჩვენი პარტნიორების „გამოყენება“ ბევრად უფრო ეფექტურად და აგრესიულად უნდა მოხდეს.  მაისის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ 34 ადამიანია გატაცებული. ეს ხომ ქვეყნისთვის სამარცხვინო ამბავია.

ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენი ხელისუფლება სამყაროს უნდა ყრიდეს. ქართული დიპლომატიის აქტიურობის ერთი ნაწილი ეს უნდა იყოს. ევროკავშირს ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების შესრულება უნდა მოსთხოვოს. რუსეთი მიმართავს საქართველოს ფსიქოლოგიურ შანტაჟს და ნელ-ნელა იყენებს მცოცავ ოკუპაციას“, – ამბობს არეშიძე „მეტრონომთან“.

სარკოზიმედვედევი

ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი სანაკოევი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მცოცავი ოკუპაცია არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, რათა საქართველომ ნატოსკენ მისწრაფება შეაჩეროს. ამიტომ სანაკოევი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად უნდა იმოქმედოს.

სხვაგვარად ქვეყანა კვლავ პროვოკაციაზე წამოეგება და საქართველოს სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრება. მას მიაჩნია, რომ სამართალდამცავებმა ოკუპანტების წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს და მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს ამ პრობლემის წანააღმდეგ ბრძოლა.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი უკვე ოკუპირებული აქვს, ჩვენს ქვეყანას საფრთხე ყოველდღე ემუქრება. ასევე არსებობს იმის საშიშროება, რომ ასეთი მცოცავი ოკუპაციის შედეგად დასავლეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური მაგისტრალის დაკეტვა მოხდეს. რუსეთისგან და პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელია. ამიტომ არ შეიძლება, რომ კონფლიქტის ზონაში, ჩვენმა სამართალდამცავებმა რადიკალური ქმედებები განახორციელონ.

ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, ჩათვალეთ, რომ 2008 წლის ომი კვლავ განმეორდება. ამიტომ ყველას მაქსიმალური მოთმინება გვმართებს. ეს არის შანტაჟი და მუქარა, რათა ჩვენმა ქვეყანამ ნატოსკენ სვლა შეაჩეროს. რუსეთის სამხედრო ბაზები 5 კილომეტრში მდებარეობს და პატარა მკვეთრი რეაქციაც კი ქვეყანას სერიოზულ პრობლემებში გახვევს. ამიტომ არის, რომ ჩვენს სამართალდამცავებსა და რუსებს შორის ევროკავშირის დამკვირვებლები დგანან. ხელისუფლებამ ყველა დიპლომატიური ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, – ამბობს სანაკოევი „მეტრონომთან“.

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ  მთავარ მაგისტრალამდე 450 მეტრით არიან რუსი ოკუპანტები დაშორებულები. მისი თქმით, რუსების მთავარი მიზანი, რომელიც მათ 2012 წლიდან დაისახეს, ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება დუმილით უგულველყოფს.

დავითაია ამბობს, რომ მცოცავი ოკუპაციით უფრო მეტი ტერიტორია დავკარგეთ, ვიდრე 2008 წლის ომის შედეგად. მისი განცხადებით, თუ სააკაშვილის დროს ტერიტორიები ომით დავკარგეთ, ახლანდელი ხელისუფლება უფრო მეტს დუმილით კარგავს.

„რუსეთს საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა მხოლოდ 10 ლარით შეუძლია, რადგანაც „კალაშნიკოვიდან“ რუსებმა ერთი გასროლა, რომ განახორციელონ წამში ყველაფერი დასრულდება. ავტომატის დაფარვის ზონა 150- მეტრია.

რუსები თავს მას შემდეგ გავიდნენ, რაც ხელისუფლებამ 2012 წელს საოკუპაციო ხაზთან ბლოკ-პოსტები გააუქმა. მანამდე ვერავინ ბედავდა, რომ ე.წ. საზღვარი სადაც უნდა იქ დაედოთ. მაშინ პოლიციას ბრძანება ჰქონდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე როგორც კი გადმოვიდოდნენ ესროლათ. გასაგებია, რომ არ გვინდა პროვოკაციას წამოვეგოთ, მაგრამ ე.წ. მცოცავი ოკუპაციით უფრო მეტ ტერიტორიებს ვკარგავთ. გამოსავალი ის არის, რომ ყოველ დღე და ყველგან ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა უნდა შეყაროს, მაგრამ ამას არავინ აკეთებს“, – ამბობს დავითაია „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....