ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი  პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. როგორც აფგანის მეუღლე აცხადებს, ისინი უწყებაში საქმის მასალების გასაცნობად არიან დაბარებულები.

პოლიციის სამმართველოში შესვლამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და მისი მეუღლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით,   დღეს ისინი საქმეში არსებულ ახალ დოკუმენტებს და ვიდეო ჩანაწერებს ნახავენ, თუმცა იმის გამო რომ როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოჩანაწერები მოცულობითია და მისი ერთ დღეში გაცნობა არის შეუძლებელი, დაცვის მხარე ასლების გადაცემას მოითხოვს.

„დღეს მე და ქალბატონი ლეილა მუსტაფაევა დაგვიბარეს იმისთვის, რომ მოგვეცემა საქმის გაცნობის ხელახალი შესაძლებლობა. მათ შორის ახალი დოკუმენტების და ვიდეოჩანაწერების, რაც გამოძიებას აქვს მოპოვებული. ბუნებრივია ვიდეომასალა ძალიან მოცულობითია და არის 100, 200 საათი და ამის სრულყოფილად გაცნობა არის შეუძლებელი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ასლების გადმოცემას. თუმცა რაც შესაძლებელი იქნება დროის სამუშაო მონაკვეთში, იმ მასალებს გავეცნობით,“-განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა კი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გადაცემული საქმის მასალები არ მოიცავენ არანაირ ინფორმაციას. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს აფგანის გატაცების ფაქტი.

„არჩილ ჩოფიკაშვილი უკვე გაეცნო პოლიციის მასალებს და ისინი არ მოიცავენ არანაირ ინფორმაციას აფგან მუხთარლის გატაცების თაობაზე. იქ აღნიშნულია, რომ აფგანი ადის 4 ნომერ ავტობუსში. გამოძიებას არ სჭირდება არანაირი სცენის ინსცენირება. მათ მხოლოდ თვალი უნდა მიადევნონ მანქანას, რომელიც ავტობუსს მიჰყვებოდა და დაადგინონ რა მანქანამ დატოვა ტერიტორია,“-აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ოჯახის ინფორმაციით, თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. თავად ჟურნალისტის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები წარუდგინა.

იტვირთბა....