საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ის ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებს ვერ შეაფასებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უდანაშაულობაზე არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი “ჩაუდოთ”.
“სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მინდა, ხაზი გავუსვა, თავისთავად სასამართლოს განაჩენი უდანაშაულობაზე არ ნიშნავს იმას, რომ მოხდა პოლიციის მიერ ნარკოტიკის ჩადება. პირდაპირ ამის განმარტება არასწორი იქნება, მათ შორის სამართლებრივადაც, დანარჩენი მიმდინარე საქმეებია და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე ყველა ასეთ საქმეში რატომ ფიგურირებს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელი ვინმე სიგუა, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეტექტივების სამმართველო ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების განმახორციელებელია, შესაბამისად, დეტექტივების სამმართველო ათას გახსნილ სამქეებში ფიგურირებს.
“დეტექტივების სამმართველო ფიგურირებს ათას სხვა გახსნილ საქმეში, რა განაჩენებიც უკვე დადგა და ხალხი პასუხისგებაშია მიცემული’, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.