ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ”: ქართველი მწერლები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ

ქართველი მწერლები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მთავრობას, პარლამენტს, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, საერთაშორისო PEN-ცენტრს და ყველა მწერალს მიმართავენ:

“საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.

რუსეთ-საქართველოს 1990-1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის) და 1992-1993 წლების აფხაზეთის ომების შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.

ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს – აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას.

დღეს ე. წ. საზღვარს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება – ატეხოს განგაში, მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, რა ხდება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია, მუდმივად აპროტესტოს ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.

მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი კაცობრიობის.

გვჯერა ამ ერთსულოვნების და საერთაშორისო თანადგომის”- ნათქვამია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბერშუეთსა და სობისში ე. წ. საზღვარი 4 ივლისს გადმოწიეს.

იტვირთბა....