ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი : ირაკლი ფირცხალავას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გვანცა ჩხაიძემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, გუშინ საღამოს ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მოინახულა.

როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გვანცა ჩხაიძემ განუცხადა, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს ვიზუალურად სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებათ. მისი თქმით, საქმის მოკვლევის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რათა პენიტენციური დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება მოხდეს.

”ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, რომელთაც თავიანთ საქმეზე გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, მიუთითებდნენ გარკვეულ დარღვევებზე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, რომელთან დაკავშირებითაც გამოვკითხეთ დეტალები და შევისწავლით ამ დეტალებს. ვიდეოჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით მივმართავთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. ირაკლი ფირცხალავას ვიზუალური შეხედვით სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება”, – განაცხადა გვანცა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებენ.

შეგახსენებთ, როგორც ფირცხალავას ოჯახი აცხადებს, მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მთავარი პროკურატურის პროკურორს, მატროსოვის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ცემაში ადანაშაულებენ. ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მის ოჯახს, ამავე საპატიმროში მყოფმა ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ აცნობა.
ამ ინციდენტს წინ უძღოდა სატელეფონო ზარი. აუდიოჩანაწერში, რომელიც “კურიერს” ფირცხალავას მეუღლემ მიაწოდა, პოლიციის მაღალჩინოსანი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მას პროკურორები ემუქრებიან. ზეწოლის მიზეზი კი ის წერილია, რომელიც ფირცხალავმ ციხიდან გამოუგზავნა და ციანიდის საქმის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე აგენტ-პროვოკატორობში ამხილა.

მსჯავრდებულის მეუღლის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავაზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და არ გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

იტვირთბა....